|
» თავფურცელი:
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
დეკანის მიმართვა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლა (SLP) საბოლოო სახით 2007 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მასში ინსტიტუტში არსებული სამართლისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა. ამ ფაქტს საფუძველი ჩაუყარა GIPA-ში 2005 წელს პირველი ინგლისურენოვანი სამართლისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების შექმნამ.
დღიდან დაარსებისა ჩვენი ინსტიტუტი დინამიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენ ვცდილობთ GIPA-ს კურსდამთავრებულებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმ სფეროების განვითარებაში, რომლებიც ქვეყნის ცხოვრების წესს განსაზღვრავენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანიa ხელი შევუწყოთ საქართველოს ჩამოყალიბებას ძლიერ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დაარსების საფუძველიც სწორედ ეს გახლდათ – ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების საპასუხოდ შეგვექმნა აკადემიური ბაზა, რომელიც დააკმაყოფილებდა სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე კადრებზე მზარდ მოთხოვნილებას. SLP-ს მთავარი მიზანი ისეთი დიპლომატების, იურისტების, სახელმწიფო მოღვაწეების, მმართველებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების აღზრდაა, რომელთა მთავარ ამოცანას ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დანერგვა და სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცება წარმოადგენს, და ვისი საქმიანობაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში არსებული სწავლების პრინციპები და მეთოდოლოგია კონკურენტულ გარემოს ქმნის, რაც მიზნად ისახავს მაგისტრთა სათანადო მომზადებას მომავალი წარმატებული კარიერისათვის. სკოლაში მოქმედებს თავისუფალი არჩევითი საგნების სისტემა და სპეციალიზაციის (კონცენტრაციის) მიმართულებები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
SLP ორიენტირებულია წარჩინებული მაგისტრანტებისთვის მაქსიმალური შეღავათების შექმნაზე. შესაბამისად, ყოველ წელს საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტისთვის რამდენიმე სრული სტიპენდია გაიცემა.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობას დასავლური განათლება აქვთ მიღებული და საკუთრ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს. სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას მიუსადაგოს. აღსანიშნავია, რომ ლექტორთა შერჩევის დროს ყურადღება ექცევა არა მარტო მათ აკადემიურ ცოდნას, არამედ ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას შესაბამის სფეროში. წელს ჩვენი სკოლის მოწვეული პროფესორები გახდნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ზურაბ ნოღაიდელი, საგანგებო დავალებათა ელჩი ბ-ნი გიგა ბურდული, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი ბ-ნი დავით ლეჟავა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ზაზა მეიშვილი, საქართველოს დესპანი ავსტრიაში ბ-ნი ლევან ბოძაშვილი და ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს უფროსი იურიდიული მრჩეველი ქ-ნი ნინო ხურციძე.
SLP დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების მონაწილეობას GIPA-ს ცხოვრებაში, როგორც კვლევით სამუშაოებში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში; მათი უმრავლესობა ერთმანეთს უთავსებს პროფესიულ და აკადემიურ საქმიანობას. ჩვენი მაგისტრანტები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ ტურნირებში, სადისკუსიო კლუბის მიერ გამართულ დებატებში. პერიოდულად ტარდება ექსკლუზიური ფილმების ჩვენება და განხილვა, იმართება არაოფიციალური სადილები სამართლისა და პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან ერთად.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში არსებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით, ასევე ელექტრონული ბიბლიოთეკით, რომელიც მხოლოდ GIPA-ს სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს.
|