თავი 1. ნაპოლეონი

ელფოსტა ბეჭდვა

გენერალი ბონაპარტი 1799 წელს

1799 წელს საფრანგეთს სათავეში ჩაუდგა 30 წლის ადამიანი, რომელმაც იმ პერიოდისათვის თავისი ასაკისა და სოციალური წარმოშობისათვის არნახულად ბევრს მიაღწია. ასეთ ასაკში მსგავსი წარმატებები მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა. მაგრამ ალექსანდრე უფლისწული იყო. მან მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ სამეფო ტახტი, არამედ ასევე მამამისის, დიდი ფილიპეს მიერ შექმნილი არმიაც, რომელსაც იმ ხანად ბადალი არ ჰყავდა მთელ ევრაზიაში (ალბათ მხოლოდ ჩინეთის გამოკლებით).
ნაპოლეონ ბონაპარტი კი არა მხოლოდ ღარიბი ოჯახიდან იყო წარმოშობით, არამედ დაიბადა კორსიკაზე – კუნძულზე, რომელიც საფრანგეთის შემადგენლობაში მის დაბადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შევიდა. მოზარდობისას ნაპოლეონი კორსიკის ფრანგებისგან გათავისუფლებაზეც კი ოცნებობდა. მაგრამ ამ რომანტიკამ თანდათანობით პრაგმატიზმსა და ამბიციებს დაუთმო გზა. ნაპოლეონის ამბიციებისა და ნიჭის ადგილი კი კორსიკაზე ნამდვილად არ იყო. ასეთ ამბიციებსა და ნიჭს დიდი გასაქანი და ასპარეზი ესაჭიროებოდა და ნაპოლეონმაც საფრანგეთს მიაშურა, რომელიც არა მხოლოდ კორსიკაზე უფრო დიდი ასპარეზი, არამედ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოც იყო. გარდა ამისა, საფრანგეთი მე-18 საუკუნის ბოლოს რევოლუციამ მოიცვა, რომელმაც ახალგაზრდა ბონაპარტის დარ ადამიანებს თავის გამოჩენისა და სწრაფად დაწინაურების საშუალება მისცა. 1793 წელს ბონაპარტმა წარმატებული სამხედრო ოპერაციისათვის ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო. ნაპოლეონი მაშინ სულ 24 წლის იყო. ამის შემდეგ მან პარიზში გამოიჩინა თავი. საფრანგეთის მაშინდელ მთავრობას, ე.წ. დირექტორიას, გადაგდებული და სიკვდილით დასჯილი მეფის ხელისუფლების მომხრეები აუჯანყდნენ. ახალგაზრდა ბონაპარტმა, რომელმაც მთავრობის დაცვა იკისრა, ანგარიში არ გაუწია იმ ფაქტს, რომ აჯანყებულები საგანგებოდ ეკლესიას შეეფარნენ. მან ქვემეხებიდან ცეცხლის გახსნა ბრძანა და ამბოხს რამდენიმე წუთში მოუღო ბოლო.

სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობამ გენერალ ბონაპარტს მხოლოდ ხელისუფლების სიმპატიები მოუტანა, მაგრამ შორს აღარ იყო დრო, როცა იგი მთელი ხალხის კერპადაც უნდა ქცეულიყო. 1796 წელს ნაპოლეონს ერთ-ერთი ფრანგული არმია ჩააბარეს, რომელსაც იტალიაში ავსტრიის წინააღმდეგ უნდა ეომა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ იყო საფრანგეთის ყველაზე კარგად აღჭურვილი და ძლიერი არმია. ნაპოლეონს ჩააბარეს არა მხოლოდ იტალიაში განლაგებულ ავსტრიის არმიაზე გაცილებით მცირერიცხოვანი, არამედ ასევე უდისციპლინო და ცუდად აღჭურვილი ჯარი. დირექტორია ჯერ კიდევ ვერ აფასებდა ჯეროვნად ახალგაზრდა გენერალს და მას მეორეხარისხოვანი საქმე მიენდო. ნაპოლეონისგან მხოლოდ ერთ რამეს ელოდნენ – მას ავსტრიის არმია უნდა დაეკავებინა და ამით გაეფანტა მტრის ყურადღება მაშინ, როცა საფრანგეთის უფრო ძლიერ შენაერთებს ძირითადი შეტევა გერმანიის მიმართულებით უნდა მიეტანათ. საფრანგეთი მაშინ პრაქტიკულად მთელ კონტინენტთან ომში იყო ჩაბმული. ევროპულმა მონარქიებმა რევოლუციის ჩახშობა მოინდომეს და წესრიგის დასამყარებლად საფრანგეთში თავიანთი არმიები გაგზავნეს. მაგრამ ფრანგებმა არმიები მოიგერიეს და შემდეგ თანდათანობით კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. წარმატებაში ფრანგებს არა მხოლოდ ის ფაქტი ეხმარებოდათ, რომ სამშობლოს იცავდნენ, არამედ ისიც, რომ მათ “მასობრივი არმიები” ჰყავდათ. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში არმიები ძირითადად დაქირავებულთაგან შედგებოდა, რომელთაც ფულის და არა ნიჭის მიხედვით დაწინაურებული არისტოკრატები მეთაურობდნენ. გლეხების და საერთოდ უბრალო ხალხის არმიაში მასობრივად გაწვევის ევროპელ მონარქებს უბრალოდ ეშინოდათ,  მაგრამ აი რევოლუციურ საფრანგეთს  ამგვარი შიში აღარ აწუხებდა. ეს იყო დიდი უპირატესობა, რომელმაც შემდეგ ნაპოლეონის სამხედრო გენიასთან ერთად საფრანგეთს წარმოუდგენელი წარმატებები მოუტანა. ეს სამხედრო გენია თავისი მასშტაბით პირველად სწორედ იტალიაში გამოვლინდა, სადაც ნაპოლეონმა სასწაულებრივად დაამარცხა მტრები და შემდეგ პირდაპირ ვენისკენ დაიძრა. აქ კი უკვე ახალგაზრდა გენერლის პოლიტიკური ამბიციებიც გამოვლინდა. მან თავად აწარმოა ავსტრიის იმპერიასთან მოლაპარაკებები ზავის პირობებზე და მეტად მომგებიან გარიგებასაც მიაღწია. ავსტრიის იმპერია – საგრანგეთის ყველაზე საშიში მტერი – დამარცხებული იყო. ბონაპარტი ტრიუმფით დაბრუნდა პარიზში, სადაც მას უკვე შიშის კანკალით ელოდა დირექტორია – პოპულარულ გენერალს ისინი შეეძლო უბრალოდ მოეშორებინა ისე როგორც ამას აკეთებდნენ ხოლმე წარმატებული რომაელი მხედართმთავრები. მაგრამ კორსიკელი გენია ჯერ არ ჩქარობდა. ავსტრიის დამარცხების შემდეგ მას ინგლისის შევიწროება ჰქონდა ჩაფიქრებული და არა ხელისუფლებაში მოსვლა. ინგლისი თავისი განლაგების წყალობით ნაპოლეონის ჯარისკაცებისათვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ გენერალი არ აპირებდა საკუთრივ ინგლისზე წასვლას, რომელსაც ზღვებიდან საიმედოდ იცავდა მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ინგლისისათვის ინდოეთში დაერტყა. ინდოეთამდე იგი ეგვიპტიდან უნდა მისულიყო. ეგვიპტემდე მიღწევა გაცილებით უფრო იოლი იყო ვიდრე ინგლისში ჯარის გადასხმა.

როგორც ცნობილია, ნაპოლეონმა თავისი ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. მართალია, მან მოახერხა ეგვიპტეში ჯარის გადასხმა (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელების ფლოტი ლეგენდარული ნელსონის მეთაურობით მას მთელ ხმელთაშუა ზღვაში დაეძებდა), იქ მამლუქების დამარცხება და იქაურობაზე კონტროლის დამყარება. მაგრამ ვერ მოახერხა ჯარით ინდოეთამდე მიღწევა და მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ საფრანგეთს ინტერვენციის სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, ეგვიპტეც მიატოვა და სამშობლოსკენ (საფრანგეთი უკვე ნამდვილად იყო ქცეული მის სამშობლოდ) გასწია. მაგრამ წარუმატებლობის მიუხედავად ეგვიპტის კამპანია მაინც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ნაპოლეონმა გამოავლინა ისეთი გეოპოლიტიკური ხედვა, რომლითაც იქამდე ევროპაში ვერავინ დაიკვეხნიდა. მან არა მხოლოდ ზუსტად შეაფასა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ინდოეთი ინგლისის იმპერიისათვის (დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ინგლისის მეფისნაცვალმა ინდოეთში და მომავალმა საგარეო მინისტრმა ლორდ კერზონმა განაცხადა, რომ ინდოეთის დაკარგვის შემთხევვაში ინგლისი მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცეოდა, როგორც მოგვიანებით მოხდა კიდეც), არამედ მოძებნა ინდოეთზე დარტყმის ერთობ ორიგინალური მარშრუტი. ბონაპარტის ეგვიპტეში ლაშქრობამ ინგლისი იმდენად დააშინა, რომ მოყოლებული იქიდან ფრანგების ეგვიპტესთან მიახლოება ლონდონში მუდამ სერიოზულ პანიკას იწვევდა ხოლმე.

აი ასეთი მიღწევები ჰქონდა ადამიანს, რომელმაც ეგვიპტიდან ჩასულმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და სათავეში ჩაუდგა ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუციამდე ევროპაში უძლიერესად ითვლებოდა, რევოლუციის შემდეგ კი მიიღო “მასობრივი არმია” და კიდევ უამრავი ისეთი სხვა უპირატესობა, რომელთაც სწორედ რევოლუცია იძლევა. რევოლუციამ ასევე მოიტანა მასობრივი ტერორი და უამრავი უდანაშაულო მსხვერპლი. ამან საფუძველი მისცა ბევრ წესიერ და ჭკვიან ადამიანს საფრანგეთის რევოლუცია უდიდეს ბოროტებად გამოეცხადებინა. თავად ნაპოლეონი საკმარისად ჭკვიანი იყო, რათა დაენახა რევოლუციის მახინჯი მხარეები (რევოლუციურმა ტერორმა თავის დროზე კინაღამ ისიც იმსხვერპლა), მაგრამ ის ინტელექტით საშუალო წესიერ ევროპელებზე მაღლა იდგა და ამიტომაც გადაწყვეტილი ჰქონდა რევოლუციური სიმახინჯეები მოესპო, მაგრამ დაეტოვებინა და გამოეყენებინა ყველაფერი კარგი, რაც მან მოიტანა  - უპირველესად კი ნიჭიერი ადამიანებისათვის მათი წარმოშობის განურჩევლად თავის გამოჩენის საშუალება და მათი სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება. ნაპოლეონმა ბოლო მოუღო რევოლუციას, მაგრამ ამავე დროს უარი განაცხადა განდევნილი ბურბონების სამეფო დინასტიის საფრანგეთში დაბრუნებაზე. იგი თავად აპირებდა საფრანგეთის მართვას და ამიტომ არ სჭირდებოდა არც რევოლუციონერები და არც როიალისტები. მას უყვარდა ძალაუფლება, მაგრამ არ უყვარდა უკიდურესობები. იგი არ იყო ფანატიკოსი, გულგრილი იყო რელიგიის მიმართ და ვერ იტანდა უმეცრებასა და ეგზალტირებულ ბრბოებს (რის სიმცირესაც მაშინდელი საფრანგეთი არ უჩიოდა). უაღრესად პრაგმატული გონების პატრონს არაფერში სჭირდებოდა ზედმეტი მსხვერპლი. როცა მან პარიზში აჯანყებულ როიალისტებს ცეცხლი დაუშინა, ნამდვილი ჭურვებით ქვემეხები მხოლოდ პირველი ორი ზალპის დროს დაატენინა. როცა ამ ზალპებმა ეფექტი მოახდინა, შემდეგ უკვე მხოლოდ “ცარიელზე” ისროდა, რათა დამფრთხალი ბრბო უბრალოდ გაქცეულიყო. ადრეულ ახალგაზრდობაში ნაპოლეონმა რომანი დაწერა, მაგრამ როცა მოგვიანებით სენტიმენტებმა გადაუარა, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე წინ მეცნიერება და ტექნიკური პროგრესი დააყენა. იგი კარგად იცნობდა ფილოსოფოსთა ნაშრომებს, მაგრამ მათზე უფრო მეტად მეწარმეებსა და გამომგონებლებს აფასებდა (გამოგონებაში თავადაც შეიტანა წვლილი – ეგვიპტეში ლაშქრობის წინ იქამდე არარსებული მზის სათვალეები დაამზადებინა, რათა მის ჯარისკაცებს უდაბნოში გადაადგილება და ბრძოლა არ გასჭირვებოდათ). ავადმყოფურად გამხდარი ნაპოლეონი ბავშვივით უყვარდათ თავის ჯარისკაცებს, მაგრამ ეს “ბავშვი” შიშის თავზარს სცემდა ათასნაირ ბრძოლასა და ავანტიურაში გამოწრთობილ გენერლებს, რომელთაც ბედმა მომავალი იმპერატორის დაქვემდებარებაში სამსახური არგუნა. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა, არნახულად ბევრს მუშაობდა და თავისი თანამებრძოლებისგანაც იგივეს ითხოვდა. ნიჭიერი ხალხის მხრიდან კონკურენციის არასოდეს ეშინოდა და საერთოდ ძნელად თუ აწუხებდა რაიმე კომპლექსი გარდა იმისა, რომ საკმაოდ დიდხანს უწევდა ანგარიშს თავის დედას. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ ნაპოლეონი ტანდაბალიც არ გახლდათ. იმ დროის მონაცემებისათვის იგი საშუალო სიმაღლისად ჩაითვლებოდა, ჯუჯად კი კორსიკელი მტრულმა ინგლისურმა პროპაგანდამ შერაცხა. ხელისუფლებაში მოსულს მას დახვდა ცარიელი ხაზინა, მოშლილი სახელმწიფო აპარატი, კორუფცია, არნახული ყაჩაღობა და კრიმინალი და ყოველივე ამით გადაღლილი მოსახლეობა. ეს ისეთი პრობლემებია, რომელსაც მთავრობები ათწლეულების განმავლობაში აგვარებენ ხოლმე, მაგრამ ნაპოლეონმა ეს დაახლოებით ერთ წელიწადში გააკეთა. საფრანგეთი ფეხზე დადგა და ახლა უკვე შეიძლებოდა საგარეო პოლიტიკასაც მიბრუნებოდა. 30 წლის ბონაპარტს უკვე ძალიან ბევრისათვის მიეღწია, მაგრამ ეს მან მხოლოდ გენერლის რანგში გააკეთა. სახელმწიფოს მეთაურის რანგში მას ამაზე გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა.

მოკავშირის ძიება და დიდ გამარჯვებები

ამ პერიოდისათვის ევროპული რუქა დღევანდელთან შედარებით გაცილებით მარტივად გამოიყურებოდა. დასავლეთ ევროპაში ამინდს საფრანგეთი და ავსტრია ქმნიდნენ. უფრო დასავლეთით სერიოზული ძალა აღარ დარჩენილიყო (ესპანეთისგან მხოლოდ წარსული დიდების მოგონებები იყო შემორჩენილი). უფრო აღმოსავლეთით იყო პრუსია – ყველაზე მომცრო ევროპის დიდ მოთამაშეთა შორის, რომელმაც ცოტა ადრე ფრიდრიხ დიდის ომების წყალობით პოზიციები საკმაოდ გაიმაგრა, თუმცა თავის უფროს ძმას (ავსტრიას) მაინც ვერ შეედრებოდა. კიდევ უფრო აღმოსავლეთით კი იყო რუსეთი, რომელიც ევროპულ სახელმწიფოდ მხოლოდ სანახევროდ თუ ჩაითვლებოდა, მაგრამ რომელსაც ცხადია დიდ ანგარიშს უწევდა მთელი ევროპა. ამ სახელმწიფოთა შორის ყველაზე არაერთგვაროვანები რუსეთი და ავსტრია იყვნენ. ორივეს ტერიტორიაზე არაერთი ერი ცხოვრობდა, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ავსტრიის ტერიტორიაზე ესენი იყვნენ უნგრელები, ჩეხები, სლოვაკები და აქვე იყო დღევანდელი რუმინეთისა და იტალიის ნაწილებიც. პოლონეთის ტერიტორია სამ ნაწილად იყო გაყოფილი ავსტრიას, პრუსიასა და რუსეთს შორის. გერმანია, როგორც ასეთი, მხოლოდ ცნების დონეზე არსებობდა. ორი დიდი ძმის (ავსტრიისა და პრუსიის) პარალელურად არსებობდა უამრავი წვრილი გერმანული სამთავრო-სახელმწიფო, რომლებიც ოდესღაც უზარმაზარ რომის წმინდა იმპერიაში შედიოდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში რელიგიური მოტივებით იმპერიის ცენტრს (ვენას) აუჯანყდნენ, რამაც რომის წმინდა იმპერია ფიქციად აქცია (თუმცა, ავსტრიის იმპერატორი კვლავაც ატარებდა რომის წმინდა იმპერიის იმპერატორის ტიტულს). გერმანიის ერთიანობას ძირი გამოუთხარა და არნახულად გააძლიერა საფრანგეთი. ამ უკანასკნელის მმართველები – ჯერ მეფე ანრი მეოთხე, შემდეგ კი ქვეყნის  პირველი მინისტრი და კარდინალი რიშელიე – ყველანაირად აღვივებდნენ გერმანელ პროტესტანტებსა და ვენას შორის შუღლს. რიშელიე საკუთარ ქვეყანაში კათოლიციზმის მტრებს სასტიკად ებრძოდა, გერმანიაში კი კათოლიციზმის მტრებს ეხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ თავად უბრალოდ კათოლიკე კი არა კარდინალიც კი იყო..

და ბოლოს, კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებს ზღვიდან თვალს ადევნებდა ინგლისი. ამ ქვეყანამ დიდი ხნის წინ თქვა უარი კონტინენტის ტერიტორიებზე და მთელი ყურადღება კოლონიების ათვისებასა და ეკონომიურ გაძლიერებაზე გადაიტანა. კოლონიების შენარჩუნებას ინგლისი თავისი ფლოტის მეშვეობით ახერხებდა. ზღვებით დაცულ ინგლისს დიდი არმია არ ჰყავდა და დიდად არც სჭირდებოდა იქამდე, სანამ ევროპაში არ გამოჩნდებოდა ისეთი ძალა, რომელიც მთელ კონტინენტზე დაამყარებდა კონტროლს და მერე იმდენსაც შეძლებდა, რომ დიდ ფლოტს ააგებდა და ინგლისს ზღვიდანაც კი შეუტევდა. სწორედ ამიტომ ლონდონიდან გულდასმით აკვირდებოდნენ ევროპას, რათა ამგვარი რაღაც – ევროპაზე ერთი ქვეყნის კონტროლი – გამოერიცხათ. ნაპოლეონი სწორედ ამგვარ რამეს ჰგავდა. 

დღევანდელი იტალიის დიდი ნაწილი კი, როგორც უკვე ვთქვით, ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. გენერალმა ბონაპარტმა ოდესღაც იტალიაში გაიმარჯვა, მაგრამ სანამ იგი ეგვიპტეში იმყოფებოდა, ფრანგებმა მთელი რიგი ბრძოლები წააგეს და იტალია ისევ დაიკარგა. ნაპოლეონის პირველ სამიზნედ სწორედ აქაურობა იქცა. ეს არა იმიტომ, რომ პირადი ანგარიშები ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ იტალიაში ავსტრიელთა ყოფნა საფრანგეთისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ნაპოლეონს დიდი ამბიციები ჰქონდა და შორს იყურებოდა. მაგრამ სანამ შორეული და დიდი მიზნების განხორციელებაზე გადავიდოდა, მანამდე უფრო “ახლო” პრობლემები უნდა გადაეჭრა. მონადირე ტყეში არ უნდა წავიდეს, თუკი მის სახლ-კარს მეზობელი გადაწვით ემუქრება; მან ჯერ მეზობლის პრობლემა უნდა გადაჭრას. ნაპოლეონს ჯერ სამეზობლო უნდა მოეწესრიგებინა სანამ ინგლისზე სანადიროდ წავიდოდა. მითუმეტეს, რომ საფრანგეთი ისევ ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა ავსტრიასთან და ინგლისთან - რიგით მეორე ანტიფრანგული კოალიციის წევრებთან, რომელშიც ცოტა ხნით ადრე რუსეთიც იყო ჩართული.

მტერზე წასვლის წინ ნაპოლეონმა ინგლისელებსაც და ავსტრიელებსაც შერიგების წინადადებით მიმართა. მან კარგად იცოდა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვებოდა (მართლაც, ლონდონიდან ბონაპარტს მშვიდობის სანაცვლოდ ბურბონების დაბრუნება მოსთხოვეს), მაგრამ ისიც იცოდა, რომ საფრანგეთის მოსახლეობას მშვიდობა სურდა. ამიტომ მიწერ-მოწერა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ომში სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ავსტრიის არმიები საფრანგეთისგან აღმოსავლეთით ერთობ გრძელ პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულნი. ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულების წინააღმდეგ ნაპოლეონმა ფრანგების ყველაზე ძლიერი არმია მიუშვა ერთ-ერთი უნიჭიერესი გენერლის, მოროს მეთაურობით. კიდევ ერთი, გაცილებით მცირერიცხოვანი არმია მასენას მეთაურობით სამხრეთ მიმართულებით დაიძრა მტრის შესაკავებლად. რაც შეეხება თავად ნაპოლეონს, მას ცენტრალური არმიისათვის უნდა შეეტია, რომელიც ფრანგთა მანევრების შედეგად სხვა ავსტრიული შენაერთებისგან მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში ბონაპარტს ჯერ კიდევ მხოლოდ საფრანგეთის პირველი კონსულის წოდება ჰქონდა და არც ისე ნათელი იყო რამდენად ჰქონდა უფლება არმიისათვის ემეთაურა. ამიტომ თავის შენაერთს მან სარეზერვო არმია უწოდა. 1800 წლის აპრილიდან მოყოლებული მორო და მასენა ბრძოლებში ჩაერთნენ, ნაპოლეონმა კი მაქინაციების მეშვეობით ავსტრიელები დაარწმუნა, რომ მისი სარეზერვო არმია სათვალავში ჩასაგდები არ იყო და ამის შემდეგ, მაისის შუაგულში, ყველასაგან ფარულად იტალიისკენ დაიძრა. მარშრუტად მან ალპები აირჩია (რომელიც იქამდე მხოლოდ ჰანიბალსა და სუვოროვს ჰქონდათ დალაშქრული), რათა ავსტრიის არმიას მოულოდნელად ზურგში მოქცეოდა. მოულოდნელობის ეფექტი მიღწეულ იქნა: ავსტრიელების მიერ ჩამოწერილი ფრანგთა სარეზერვო არმია ერთბაშად გაჩნდა იტალიაში და მალე მილანშიც შევიდა. მაგრამ ავსტრიელთა უზარმაზარი არმიის შესაკავებლად ნაპოლეონს თავისი ძალების დაქსაქსვა მოუხდა, რამაც საბოლოო კინაღამ საბედისწერო როლი ითამაშა. 14 ივნისს მარენგოსთან ბონაპარტი ავსტრიელთა ძირითად არმიას შეეტაკა, რომელიც მასზე გაცილებით ძლიერი იყო, და ბრძოლა თითქმის წააგო კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში მაშველმა ძალამ მოუსწრო, რომელმაც უკვე მოზეიმე ავსტრიელები უკუაქცია. მარენგომ უდიდესი როლი ითამაშა ნაპოლეონის კარიერაში და მაშინდელი ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ავსტრიამ იტალია დაკარგა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. ნაპოლეონი ყოველთვის მაქსიმუმს იღებდა სამხედრო წარმატებიდან და მარენგო გამონაკლისი არ იყო. ავსტრია დამარცხდა, მაგრამ ახლა საჭირო იყო მასთან მომგებიანი შეთანხმების გაფორმება. ყველასდა მოულოდნელად ამ თამაშში ნაპოლეონმა რუსეთისკენ გაიხედა.

იმ პერიოდში ნაპოლეონს ჯერ კიდევ არ იყო თავბრუდახვეული დიდი გამარჯვებებით და მოკავშირეზე ფიქრობდა. რუსეთი საფრანგეთისგან მოშორებით მდებარეობდა (და ამ ორ ქვეყანას სადავო ტერიტორიები არ ჰქონდა) და ამავე დროს ანგარიშგასაწევ ძალას წარმოდგენდა. გარდა ამისა, რუსეთს აზიაში ექსპანსიის განორციელება და იქ ინგლისისათვის პრობლემების შექმნა შეეძლო. ნაპოლეონი კარგად ხედავდა ყოველივე ამას და რუსეთთან დაახლოებაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამ დაახლოებას კიდევ ერთი, უფრო მოკლევადიანი, მიზანიც ჰქონდა – ავსტრიელები პარიზსა და პეტერბურგს შორის გასრესის საფრთხის წინაშე დადგებოდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უფრო დამყოლები გახდებოდნენ. ეს რეალური ამოცანა იყო, რადგან რუსეთის იმპერატორი საფრანგეთის ხელისუფლებაში ნაპოლეონის მოსვლის შემდეგ მიიჩნევდა, რომ ფრანგული რევოლუცია საბოლოოდ დამარცხდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. გარდა ამისა, 1799 წელს საფრანგეთთან ომის დროს იგი ავსტრიელებზე განაწყენდა, რომლებიც მისი აზრით ცდილობდნენ ომის მთელი ტვირთი რუსებზე აეკიდათ. პავლე ინგლისელებზეც განაწყენებული იყო, რომლებმაც იმ პერიოდში მალტა დაიკავეს და ეს მაშინ როცა მალტის ორდენის გრიოსმაისტერად ცოტა ხნით ადრე სწორედ პავლე იქნა არჩეული. ასეთ ფონზე ნაპოლეონს არ გასჭირვებია რუსთა იმპერატორის მოხიბვლა (საამისოდ საკმარისი აღმოჩნდა რუს სამხედრო ტყვეებთან ადამიანური მოპყრობა და მათი სამშობლოში გაგზავნა) და კავშირი შედგა. პავლემ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან ბურბონები გაასახლა და გადაწყვიტა საძულველი ინგლისისათვის ბონაპარტისეულად ინდოეთში დაერტყა. ამ დავალების შესრულება პავლემ კაზაკთა რაზმს მიანდო, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გარე სამყაროსათვის გაუკვალავი შუა აზიის გავლით ინგლისელთა უმდიდრესი კოლონიისკენ დაიძრა. რაზმი უეჭველად შუა აზიაშივე ჩაიხოცებოდა, მაგრამ ამისგან იგი პავლეს მკვლელობამ იხსნა. 1801 წლის 11 მარტს იმპერატორი თავისივე საწოლ ოთახში მოახრჩეს მისსავე უახლოესმა მხლებლებმა. მკვლელობის უკან ინგლისი იდგა. ეს იყო მეორე პოლიტიკური ტერაქტი, რომელიც ამჯერად წარმატებით დასრულდა. პირველი ორიოდ თვით ადრე ნაპოლეონის წინააღმდეგ განხორციელდა. როგორც თავად ნაპოლეონმა თქვა, ინგლისელებს იგი პარიზში გადაურჩა, მაგრამ პეტერბურგში ვეღარ.

პავლეს სიკვდილმა ფრანგულ-რუსულ კავშირს ბოლო მოუღო. ტახტზე პავლეს ვაჟი ალექსანდრე ავიდა, რომელიც რუსეთი ძველ საგარეო კურსს დაუბრუნა. ალექსანდრე ის ადამიანი იყო, რომელსაც ნაპოლეონის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა მაშინდელი ევროპის ბედში. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის უკან უზარმაზარი რუსეთი იდგა. ახალგაზრდა იმპერატორი ერთობ გამორჩეული, ორიგინალური და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. იგი განმანათლებლობის იდებზე გაიზარდა და თავისი ბებიის, დიდი ეკატერინეს საყვარელი მემკვიდრე იყო. ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდა იმპერატორ პავლეს და იგი ალექსანდრეს წარმოუდგენელი უხეშობით ექცეოდა. ამის გამო ახალგაზრდა იმპერატორი მამის მკვლელობას დიდად არ უნდა დაედარდიანებინა (ამასთან, იგი მკვლელობის თაობაზე ინფორმირებული იყო), თუმცა მას ცხოვრების ბოლომდე მაინც სდევდა ხოლმე კოშმარები. ჩამორჩენილი და ავტოკრატიული რუსეთის მეფობა ალბათ დიდად არ ახარებდა ალექსანდრეს გულს, რომელიც პატივს სცემდა სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას.

ალექსანდრეს მამის რუსეთთან დაახლოებამ კი ნაპოლეონს ზემოთმოხსენიებული მოკლევადიანი სამსახური მაინც გაუწია: ავსტრიელებმა პავლეს მკვლელობამდე ერთი თვით ადრე სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. მათ დაყოლიებაში ფრანგულ-რუსული დაახლოების გარდა ფრანგთა კიდევ ერთმა გამარჯვებამ ითამაშა დიდი როლი - 1800 წლის 3 დეკემბერს ჰოჰენლინდენთან მორომ ავსტრიელებს საშინელი მარცხი აწვნია. მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთს დარჩა მდინარე რაინის მარცხენა სანაპირო, ბელგია და ლუქსემბურგი. ესპანეთი და ჰოლანდია საფრანგეთის ვასალები იყვნენ. მოლაპარაკებების პერიოდში ავსტრიელები შიგადაშიდ გულუხვად აჯილდოვებდნენ ფრანგების საგარეო მინისტრს, ტალეირანს, მაგრამ ამან არანაირად არ გაჭრა (ავსტრიელთა აღშფოთების მიუხედავად). საფრანგეთი ძლიერების მწვერვალზე იყო. ნაპოლეონმა კი საფრანგეთში თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყარა.

ავსტრიის შემორიგების შემდეგ ინგლისის ჯერი მოვიდა. იქ საფრანგეთისადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი მთავრობა მოვიდა, რითაც ნაპოლეონმა დაუყონებლივ ისარგებლა. ინგლისელი მეწარმეები ფრანგულ ბაზარზე დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და ნაპოლეონმაც მათი ეს ილუზიები წაახალისა. 1802 წლის 26 მხარეებმა ამიენში სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს, რომელმაც საფრანგეთის ყველა ახალი დაპყრობა ძალაში დატოვა, ინგლისელები სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასაც ლამობდნენ, მაგრამ ამაოდ. ინგლისელი მრეწველების ოცნება ოცნებად უნდა დარჩენილიყო მანამდე, სანამ საფრანგეთს მის გაფართოებულ საზღვრებში ნაპოლეონი მართავდა. იგი “მედუქნეების ერს” (როგორც ინგლისელებს ეძახდა) ჯარით ვერაფერს აკლებდა როგორც ინდოეთში, ასევე თავად ინგლისში, მაგრამ შესაძლებელი იყო ეკონომიკური ომის წარმართვა. რაც უფრო ფართოვდებოდა საფრანგეთი მით უფრო ვიწროვდებოდა ინგლისური პროდუქციის ბაზარი.                                    

ინგლისთან დაახლოებას დიდი დრო არ ეწერა. რთული სათქმელია ვინ იყო უფრო მეტად დამნაშავე ორმხრივი ურთიერთობების გამწვავებაში. ნაპოლეონს სტატუს კვო აწყობდა – იგი უბრალოდ არ უშვებდა ინგლისურ პროდუქციას კონტინენტის დიდ ნაწილზე, მაშინ როცა ინგლისელი ტურისტები საფრანგეთში დიდძალ ფულს ხარჯავდნენ. მაგრამ ნაპოლეონმა ვერ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლონდონი ვერ შეეგუებოდა საფრანგეთის შემდგომ ექსპანსიას. ეს ექსპანსია კი გრძელდებოდა – საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა პიემონტი, შვეიცარია კი პარიზის სატელიტად იქცა. ნაპოლეონი ფორმალურად მართალი იყო ინგლისთან, მაგრამ ცხადია ამ უკანასკნელისათვის ფორმალობაზე უფრო მნიშვნელოვანი რეალობა იყო. 1803 წლის მაისში ორ უძლიერეს ევროპულ სახელმწიფოს შორის ისევ ომი გამოცხადდა. ნაპოლეონი არც ამას დაუმწუხრებია – მშვიდობიანობის დროს იგი ბევრს აკეთებდა, მაგრამ ომის დროს კიდევ უფრო მეტი შეეძლო, გაცილებით მეტი ვიდრე სხვას. ესპანეთის “უძლეველი არმადას” დამარცხების შემდეგ ინგლისს საუკუნეების განმავლობაში მშვიდი ცხოვრება ჰქონდა. კონტინენტზე რომელიმე სახელმწიფოს არაბუნებრივად გაძლიერება და მასთან ომი კვლავაც რჩებოდა კოშმარად, მაგრამ ეს კოშმარი საბოლოოდ მაინც ჰიპოთეტურად რჩებოდა ხოლმე. ნაპოლეონმა გადაწყვიტა კოშმარი მოკლე ხანში რეალობად ექცია. მან ესპანეთსა და ჰოლანდიას ფლოტების გადმოცემა უბრძანა და ბულონში გრანდიოზული სამხედრო ბანაკის მშენებლობა წამოიწყო. აქედან “ნისლიან ამინდში” ფრანგული არმია ინგლისზე უნდა გადამსხდარიყო და... ინგლისის გაკონტროლება ნაპოლეონს საკმაოდ მარტივად წარმოედგინა. მისი აზრით “მედუქნეებს” ეროვნულ დამოუკიდებლობაზე უფრო მეტად თავიანთი კერძო საკუთრების დაცვა უფრო აინტერესებდათ. ასე რომ, ალბიონის ოკუპაციისათვის მხოლოდ ერთი რამე იყო საჭირო – ყველა ინგლისელ მესაკუთრის ქონება ხელშეუხებლად უნდა დარჩენილიყო.

ინგლისი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საფრანგეთში მიმდინარე მზადებებს. აქ პრემიერ-მინისტრად უილიამ პიტ უმცროსი დაბრუნებულიყო, რომელიც იდესღაც გააფთრებული ებრძოდა საფრანგეთის რევოლუციას და ახლა ეს გააფთრება ნაპოლეონზე გადაეტანა (ეს უკანასკნელი საამისოდ უფრო მეტ საფუძველს იძლეოდა). “კორსიკელი ურჩხულის” განეიტრალებისათვის რამდენიმე გზა არსებობდა და აქედან ყველაზე იაფი ლიკვიდაცია იყო (მსგავსი რაღაც ინგლისს ერთხელ უკვე გამოუვიდა რუსეთში), მაგრამ ფრანგების შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო საქმის გენიამ ფუშემ ნაპოლეონის ლიკვიდაციის მცდელობა აღკვეთა. სამართალდამცავებმა უზარმაზარი შეთქმულება გახსნეს და ინგლისის მიერ დაფინანსებული ფანატიკოსი როიალისტების ჯგუფი დააპატიმრეს. მათთან ერთად დააპატიმრეს ორი გენერალი, რომელთაც ხელისუფლება უნდა გადაებარებინათ. ამ გენერალთაგან ერთ-ერთი სხვა არავინ თუ არა მორო იყო, რომელიც მალე ქვეყნიდან გაასახლეს. ნაპოლეონი კიდევ ერთხელ გადაურჩა სერიოზულ ხიფათს და მოიგო ინგლისთან ბრძოლის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც პირობითად შეიძლება სადაზვერვო ომი ვუწოდოთ. თუმცა, ამავე დროს მან ისეთი რამ ჩაიდინა, რამაც ბრძოლის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი, საინფორმაციო ომი, წააგებინა. ნაპოლეონმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ბურბონების პრინცის დაპატიმრება ბრძანა, რომელიც ბადენის სამეფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ფრანგული ჟანდარმერიის შენაერთიც ადგილობრივი ხელისუფლების დაუკითხავად გადავიდა ბადენის ტერიტორიაზე და ენგიენის ჰერცოგი პარიზში გადაიყვანა, სადაც იგი მალე დახვრიტეს კიდეც. ჰერცოგი ლეგენდარული კონდეს დინასტიის უკანასკნელი ჩამომავალი იყო. მისი დახვრეტით არა მხოლოდ კონდეს დინასტია დასრულდა (დიდი პრინცი კონდე თვით ნაპოლეონის საყვარელი მხედართმთავარი გახლდათ), არამედ საბოლოოდ მოეღო ბოლო ბურბონების ოცნებას, რომ ნაპოლეონი მათ საფრანგეთში ისევ გაამეფებდა (მარენგოს ბრძოლის შემდეგ მათ ნაპოლეონს ასეთი თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს). მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთელი ევროპა ანტიბონაპარტისტულმა ისტერიებმა მოიცვა. მთელი ევროპა ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, რადგანაც საფრანგეთთან ახლოს მდებარე გერმანულ სახელმწიფოთა მეთაურები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ (თავად ბადენი ლამის იქით უბოდიშებდა ნაპოლეონს), მაგრამ დიდი სახელმწიფოები პროტესტს გამოთქვამდნენ. ყველაზე მეტად რუსეთი აქტიურობდა, რომელიც გეოგრაფიის წყალობით საფრანგეთისგან ყველაზე მეტად იყო დაცული. იმპერატორმა ალექსანდრემ საპროტესტო ნოტით მიმართა საფრანგეთს, ნაპოლეონმაც თავი ვერ შეიკავა და ისეთი პასუხი გასცა, რამაც რუსეთის საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის ამოცანა ინგლისს კიდევ უფრო გაუიოლა. ტალეირანმა ალექსანდრეს მისწერა, რომ ენგიენის ჰერცოგი ნაპოლეონის მოკვლას აპირებდა, ისე როგორც ოდესღაც მოკლეს ალექსანდრეს მამა, და რომ ამიტომ ნაპოლეონს ისევე ჰქონდა ჰერცოგის დასჯის უფლება, როგორც ალექსანდრეს ჰქონდა მამამისის მკვლელების დასჯის უფლება (მთელმა ევროპამ იცოდა, რომ პავლეს მკვლელობა ალექსანდრეს თანხმობით მოხდა).

ცოტა ხანში ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა (როგორც უკვე ვთქვით, 1899 წლიდან იგი პირველი კონსული იყო, შემდეგ კი სამუდამო კონსულის ტიტულსაც ატარებდა, რომელიც პლებისციტის გზით მიიღო). 1804 წლის 2 დეკემბერს ნაპოლეონი თავად რომის პაპმა აკურთხა იმპერატორად. მალე კათოლიკურმა ეკლესიამ ნაპოლეონი “ღმერთის იარაღად” გამოაცხადა. ყველა ვინც ნაპოლეონს ეწინაღმდეგებოდა, ეწინააღმდეგებოდა ღმერთის მიერ შექმნილ წესრიგს დედამიწაზე. თუმცა, არაკათოლიკური ინგლისი ამ შეგონებას ცხადია არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. ჩავარდა რა ნაპოლეონის საფრთხის განეიტრალების ყველაზე იაფიანი გეგმა, უილიამ პიტი სათადარიგო გეგმაზე გადავიდა: მას საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კონტინენტური კოალიცია უნდა შეექმნა. ცხადია, თავად ინგლისი ნაპოლეონის წინააღმდეგ ომს არ აპირებდა. ინგლისი უკვე დიდი ხნის გადაჩვეული იყო ევროპულ ერებთან ბრძოლას (აფრიკელ, აზიელ თუ ჩრდილო ამერიკელ აბორიგენებთან ბრძოლა გაცილებით იოლი და გაცილებით უფრო მომგებიანიც იყო). ეს სხვას უნდა გაეკეთებინა, ოღონდ ინგლისელების ფულით. სანამ ნაპოლეონი თავზე ჯერ საფრანგეთის იმპერატორის და შემდეგ იტალიის მეფის გვირგვინს იდგამდა (იმპერატორად კორონაციის დროს მან პაპს გვირგვინი გამოსტაცა და თვითონ დაიდგა თავზე), პიტმა ანტიფრანგული კოალიცია შეკრა. ავსტრია მარენგოს შემდგომ წარმოქმნილ სტატუს კვოს ვერ ეგუებოდა და შურისძიებაზე ფიქრობდა (ინგლისი კი ახლა მას სთავაზობდა შური მისი ფულებით ეძია), რუსთა იმპერატორმა კი სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა ტალეირანის დამცინავი წერილი...

იწურებოდა 1805 წლის ზაფხული, როცა ნაპოლეონს აცნობეს, რომ ავსტრიის არმია საფრანგეთისკენ დაიძრა. დასავლეთ ევროპისაკენ მოემართებოდნენ რუსებიც. ნაპოლეონს წამები დასჭირდა იმისათვის, რათა გაეაზრებინა რა მოხდა და როგორ უნდა მოქცეულიყო: ინგლისში გადასხმის გეგმა ჩაიფუშა და უზარმაზარი შრომა წყალში ჩაიყარა, მაგრამ სინანულის დრო აღარ იყო – საფრანგეთს რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა დაემარცხებინა ჯერ ავსტრია და შემდეგ რუსეთი, დაემარცხებინა ისინი ცალ-ცალკე. ნაპოლეონმა მთელი ბულონის ბანაკი აყარა და ავსტრიისაკენ დაიძრა. ავსტრიელთა მთავარი შენაერთი თავის მხრივ სწრაფად და უშიშრად მიიწევდა წინ, რითაც ფრანგებს საქმეს უიოლებდა. შენაერთი მეთაურის, მკვეხარა გენერალ მაკის გამოისობით სულ მალე ალყაშიც აღმოჩნდა. ალყიდან თავის დაღწევის შანსი თავიდან ნამდვილად არსებობდა, მაგრამ აქ ნაპოლეონმა კარგად გამოიყენა თავისი ყველაზე ნიჭიერი მზვერავი, ლეგენდარული შულმაისტერი, რომელიც ავსტრიელთა მეთაურის შტაბში იმყოფებოდა (ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი – შულმაისტერი მოგვიანებით ავსტრიის დაზვერვის უფროსიც კი გახდა). შეიტყო რა მისგან, რომ ავსტრიელები უკან დახევას გეგმავდნენ, ნაპოლეონმა საარმიო სტამბაში დააბეჭდინა პარიზული გაზეთის “ნომერი,” რომელიც იტყობინებოდა, რომ დედაქალაქში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. “იმიტირებული” გაზეთის ნომერი შულმაისტერის წყალობით მაკთან მოხვდა და მანაც უკან დახევა გადაიფიქრეს. რამდენიმე დღეში (20 ოქტომბერს) ავსტრიელები ფრანგებს დანებდნენ ულმის ციხესიმაგრეში, სადაც იქამდე იყვნენ გამაგრებულნი. ავსტრია პრაქტიკულად დამარცხდა. მაკის არმიიდან მხოლოდ რამდენიმე ათასმა კაცმა გაასწრო. რჩებოდა კიდევ ერთი არმია, რომელიც იტალიაში მასენას ებრძოდა, მაგრამ მან ხელი ვერ შეუშალა ნაპოლეონს ვენაში შესულიყო. რომის წმინდა იმპერიის დედაქალაქს დუნაის მარცხენა სანაპიროსთან უზარმაზარი ხიდი აკავშირებდა, რომლის აფეთქების შემთხვევაშიც ფრანგული არმია ტემპს სერიოზულად დაკარგავდა. მაგრამ ავსტრიელებმა საკუთარი უთავბოლობისა და ფრანგების ცბიერების გამოისობით ხიდის აფეთქება ვერ მოახერხეს და ფრანგულმა არმიამაც მთელი სისწრაფით განაგრძო აღმოსავლეთისაკენ მარში (ავსტრიელთა უთავბოლობამ უამრავ ლეგენდასა და ანეგდოტს დაუდო საფუძველი, რომელთაგან ერთ-ერთი ტოლსტოის “ომსა და მშვიდობაშია” მონათხრობი).

ჯერი რუსეთის არმიაზე მიდგა. შურისძიების სურვილით ანთებული ალექსანდრე ცივ გონებას მაინც ინარჩუნებდა და ხვდებოდა, რომ საქმე გაცილებით უფრო გაუიოლდებოდა თუკი ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოსვლაზე პრუსიელებსაც დაიყოლიებდა. სანამ ავსტრიელები ჯერ “იმიტირებული” გაზეთის ნომრით იმშვიდებდნენ თავს და შემდეგ ფრანგებს ნებდებოდნენ, ალექსანდრე ბერლინში პრუსიელთა მეფის გადაბირებას ცდილობდა. ეს უკანასკნელი უარზე იყო – პრუსიას არც ისეთი ამბიციები და გამბედაობა ჰქონდა როგორც რუსეთს და არც მისნაირი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა. ბრძოლებითა და ინტრიგებით შეკოწიკებული პრუსიის არც ისე დიდი და არც ისე დაცული სამეფო შეიძლებოდა ერთ საბედისწერო შეცდომას გადაყოლოდა (როგორც მოგვიანებით ეს თითქმის მოხდა კიდეც). ალექსანდრეს არაფერი გამოსდიოდა (ასევე არაფერი გამოსდიოდა ნაპოლეონს, რომელმაც პრუსიის მეფეს ასევე მიუგზავნა ემისარი და ჰანოვერს სთავაზობდა), მაგრამ მოულოდნელად მას დამხმარედ თავად ფრანგები მოევლინენ – მათმა ერთმა კორპუსმა აღმოსავლეთისაკენ მარშის დროს დროის მოსაგებად პრუსიის ტერიტორიაზე გაიარა. ამას უკვე მოკრძალებული ქვეყნის მეფეც ვეღარ აიტანდა. იგი ალექსანდრეს ფრანგებისათვის ულტიმატუმის წაყენებას შეჰპირდა და რუსთა იმპერატორმაც გულდამშვიდებულმა მიატოვა ბერლინი. მაგრამ ულტიმატუმი ჭიანურდებოდა, ულმისა და დუნაის ხიდის ამბებით შოკირებული რუსების არმია კი ფრანგებთან პირისპირ იყო დარჩენილი. არმიას კუტუზოვი მეთაურობდა, რომლის ყველაზე დიდი დამსახურება უბრალოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ნაპოლეონთან შებრძოლებას მუდამ გაურბოდა და უკან იხევდა. ეს  ნაპოლეონთან ბრძოლის არწაგების ერთადერთი საშუალება იყო (ამ მარტივი ჭეშმარიტების გაგება ევროპელ გენერალთა უმრავლესობას უჭირდა), მითუმეტეს, როცა დამხმარე არავინ ჩანდა. კუტუზოვი გაჭირვებით მაგრამ მაინც გაუსხლტა ფრანგებს და რუსეთიდან ჩამოსულ მაშველ ძალებთან გაერთიანება მოახერხა. რუსებს შეუერთდა ავსტრიის არმიის გადარჩენილი ნაწილიც. რიცხობრივი უპირატესობა უკვე მათ მხარეს იყო, მაგრამ კუტუზოვს მის მიერ აღმოჩენილი მარტივი ჭეშმარიტება თავიდან არასდროს ამოსდიოდა და შებრძოლებაზე უარს ამბობდა მანამ სანამ დამატებითი მაშველ ძალას არ მიიღებდა. დრო რუსეთზე მუშაობდა, მითუმეტეს რომ ბოლოსდაბოლოს პრუსიასაც უნდა გახსენებოდა თავისი დანაპირები ულტიმატუმის თაობაზე.

მაგრამ აქ ალექსანდრეს მაინც გადასძლია პირადმა გრძნობებმა. მას შურისძიება სწყუროდა და ეჩქარებოდა. ნაპოლეონს კი თავის მხრივ ეჩქარებოდა, რადგან დრო მის წინააღმდეგ მუშაობდა. საჭირო იყო გენერალური ბრძოლის გამართვა სანამ რუსეთის მხარეს პრუსიაც დადგებოდა. ამ უკანასკნელის ომში ჩაბმა მხოლოდ ფორმალობაღა იყო, მაგრამ ფორმალობას საშველი არა და არ ადგებოდა: პრუსიის კანცლერი ჰაუგვიცი ულტიმატუმით ვენაში ჩავიდა, მაგრამ იქ ნაპოლეონს ვეღარ მიუსწრო და მის “გამოსაჭერად” ფრანგულ არმიას დაედევნა. სიტუაციის კომიკურობის მიუხედავად ფრანგების არმია მაინც დიდი ხიფათის წინაშე იდგა. ამიტომ კორსიკელმა თავი მოისაწყლა და დაზავება ითხოვა. თუ რას ნიშნავდა ნაპოლეონის სამხედრო ნიჭი, ევროპამ უკვე იქამდე არაერთხელ გამოსცადა. ახლა ევროპას ნაპოლეონის სამსახიობო ნიჭიც უნდა გამოეცადა. ფრანგების იმპერატორმა ალექსანდრეს მიერ მიგზავნილ დესპანთან იმდენად კარგად გაითამაშა დამფრთხალი კაცის როლი, რომ რუსთა იმპერატორმა გადაწყვიტა სასწრაფოდ გაემართა ბრძოლა, სანამ ნაპოლეონი ხელიდან დაუსხლტებოდა. პოლიტიკაში პირად გრძნობებზე უარესი მრჩეველი არ არსებობს. 2 დეკემბერს აუსტერლიცთან ნაპოლეონმა რუსულ-ავსტრიული არმიაზე თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ნაპოლეონი ტრადიციულად ყოველი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში ყველაზე თავგამოჩენილ მარშალს ბრძოლის ადგილის აღმნიშვნელ ტიტულს უბოძებდა ხოლმე (მაგალითად, ბოროდინოსთან ღვაწლის დასაფასებლად ნეიმ მოსკოვის თავადის ტიტული მიიღო), მაგრამ აუსტერლიცის წარმატებით იმპერატორი ისე მოიხიბლა, რომ მისი ტიტული არავის უბოძა, რაც ალბათ იმას ნიშნავდა, რომ ამ გამარჯვების გაზიარება არავისთან სურდა. რაც შეეხება ბრძოლაში მონაწილე კიდევ ორ იმპერატორს, ალექსანდრე ისტერიული ტირილით გაეცალა აუსტერლიცს. მასთან ერთად გაქცეულმა ავსტრიის იმპერატორმა ფრანცმა მეორე დღესვე ნაპოლეონს დაზავება სთხოვა. აუსტერლიცმა რიგით მესამე ანტიფრანგულ კოალიციას ჯვარი დაუსვა.

დიდი გამარჯვებების შემდეგ ზომიერების გამოჩენა ყოველთვის რთულია. ჯერ კიდევ ულმიდან რამდენიმე დღეში ტალეირანმა ნაპოლეონს თავისი მემორანდუმი გადასცა, რომელშიც ურჩევდა ზედმეტად მკაცრად არ მოპყრობოდა ავსტრიას და საერთოდ ეს ქვეყანა მოკავშირედ ექცია. ტალეირანი ავსტრიაში ხედავდა ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანას, რომელიც საფრანგეთის ბუნებრივ მოკავშირეს წარმოადგენდა. საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი ავსტრია ბარიერად უნდა ქცეულიყო აზიატური რუსეთის წინააღმდეგ. მას უნდა დაეთმო სამფლობელოები, რომლებზეც საფრანგეთს ჰქინდა პრეტენზია და სამაგიეროდ აღმოსავლეთით მთელი რიგი ტერიტორიები უნდა მიეღო (მოლდოვა, ბესარაბია, ვალახია და ბულგარეთის ნაწილი). ეს დასავლეთის მხრიდან სერიოზულად შეავიწროებდა რუსეთს, რომელსაც ექსპანსიისათვის მხოლოდ ერთი მიმართულება დარჩებოდა – აზია, აღმოსავლეთი. იქ კი რუსეთი ინგლისის ინტერესებს შეეჯახებოდა. ევროპაში საფრანგეთის შემდეგ ორი უძლიერესი მოთამაშე ერთმანეთს გაანეიტრალებდა, საფრანგეთი კი პრაქტიკულად გაბატონდებოდა კონტინენტზე ისე, რომ ავსტრიას ნაკლებად საინტერესო აღმოსავლეთ ევროპას დაუთმობდა. რთული სათქმელია რატომ არ მიიღო ნაპოლეონმა ეს გეგმა:  ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მოწინააღმდეგის დანდობა გაუჭირდა, გეგმის რეალობაში ეჭვი შეეპარა თუ გეოგრაფიიდან გამომდინარე ბუნებრივ მოკავშირედ რუსეთს ხედავდა, რომელიც მისი პოტენციალიდან გამომდინარეც ინგლისის წინააღმდეგ ავსტრიაზე მეტად გამოადგებოდა. ფაქტია, რომ აუსტერლიცის შემდეგ ავსტრიამ მოსახლეობის ერთი მეექვსედი დაკარგა, ავსტრიის იმპერატორმა კი რომის წმინდა იმპერიის იმპერატორის ტიტულზე უარი თქვა. იმპერიამ ქაღალდზეც გაასრულა არსებობა. მოგვიანებით (1806 წლის ივლისი) ნაპოლეონმა წვრილი გერმანული სახელმწიფოებისგან რაინის კავშირი შექმნა და თავი მის პროტექტორად გამიაცხადა.

რაც შეეხება პრუსიას, მისმა კანცლერმა ნაპოლეონი მხოლოდ აუსტერლიცის შემდეგ “გამოიჭირა” ვენაში და ასეთ ვითარებაში ისღა დარჩენოდა ფრანგთა იმპერატორისათვის გამარჯვება მიელოცა. ნაპოლეონმა პასუხად პრუსიას ზოგიერთი ტერიტორია წაართვა და ზოგი საფრანგეთს, ზოგიც კი ბავარიას გადასცა. სამაგიეროდ იგი პრუსიას კვლავაც ჰანოვერს შეჰპირდა, რომელიც ინგლისელების კუთვნილება იყო და ფრანგებს ჰქონდათ დაკავებული. ბავარიამ რაღაც ტერიტორია ავსტრიისგანაც მიიღო. ალბათ სწორედ მაშინ დაიწყო ნაპოლეონმა თავისი საყვარელი თამაში – ტერიტორიების გადანაწილებით კონტინენტის ქვეყნების ერთიმეორეზე გადაკიდება. მოყოლებული იქიდან ნაპოლეონის გათვლით ავსტრიასა და ბავარიას შორის, პრუსიასა და ბავარიას შორის, ასევე პრუსიასა და ინგლისს შორის ურთიერთობა უნდა გაფუჭებულიყო და ისინი საფრანგეთზე გადამტერების ნაცვლად ერთმანეთს უნდა გადამტერებოდნენ. გარდა ამისა, პრუსიამ ნაპოლეონის მოთხოვნით ინგლისს ომი გამოუცხადა. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა პიტმა ამდენს ვეღარ გაუძლო, ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ინგლისელებმა ნაპოლეონთან სამშვიდობო მოლაპარაკება წამოიწყეს. მაგრამ გამარჯვებული იმპერატორის რაიმე დათმობაზე დაყოლიება იოლი ნამდვილად არ იყო. ნაპოლეონი გრძნობდა, რომ მას ყველას დამარცხება შეეძლო და თუკი ასე გაგრძელდებოდა მთელი ევროპა მის ხელთ უნდა აღმოჩენილიყო. ასე რომ დრო მასზე მუშაობდა. თუმცა, იყო ერთი უარყოფითი ფაქტორი, რომელმაც დიდი ხნით დასწია უკან ინგლისის დამორჩილების ოცნებები; ავსტრიისა და რუსეთის წინააღმდეგ კამპანიის დროს, ზუსტად ულმის კაპიტულაციის მეორე დღეს (21 ოქტომბერს) ნელსონმა ტრაფალგართან ფრანგულ-ესპანური ფლოტი გაანადგურა. თავად ადმირალი ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ ინგლისს შეეძლო კიდევ რამდენიმე წლით მაინც (სანამ ნაპოლეონი ახალ დიდ ფლოტს ააგებდა) მშვიდად ეგრძნო თავი. ასე რომ ნაპოლეონი მაინც ცდილობდა ლონდონთან ახალი ამიენისათვის მიეღწია, რომელიც მისგან ბევრს არაფერს ითხოვდა. ამ მოლაპარაკებებმა, რომელიც მიზნად ინგლისთან ზავს ისახავდა, საბოლოოდ პრუსიასთან ომი მოიტანა.

ფრანგების მიერ ოკუპირებული ჰანოვერი წესით პრუსიელებს უნდა მიეღოთ, მაგრამ ნაპოლეონი ამ ოლქის დაცლას სულაც არ აპირებდა. უფრო მეტიც, მან ჰანოვერი ინგლისელებთან სავაჭროდ გამოიყენა. იგი ინგლისელებს “მედუქნეებს” ეძახდა, მაგრამ პრუსიელებს აშკარად მათზე კიდევ უფრო დაბლა აყენებდა. ბერლინში აღშფოთება ისტერიკას ენაცვლებოდა. ჰაუგვიცს მისი უთავო საქციელის გამო ბევრი მოღალატესაც კი ეძახდა. პრუსიამ მის გამო ომში დროულად ჩაბმის შანსი დაკარგა და ახლა იძულებული იყო დამცირება და მოტყუება აეტანა. ფრიდრიხ დიდის ერს მსგავსი რამ აღარ უნდა მოეთმინა. ქვეყანა სამხედრო-პატრიოტულმა აგიტაციამ მოიცვა, რომელსაც დედოფალი ლუიზა მეთარუბდა. გმირული წარსულით ბაქი-ბუქობა და ვერაგი ნაპოლეონისათვის მუქარების შეთვლა საბოლოოდ პრუსიის მხრიდან ომის გამოცხადებით დასრულდა. ეს სწორედ ის იყო, რაც კორსიკელს სურდა: მან ცალ-ცალკე გაანადგურა ავსტრია და რუსეთი და ახლა შანსი ჰქონდა პრუსიასაც ცალკე გასწორებოდა. 1806 წლის 8 ოქტომბერს ფრანგული არმია მოწინააღმდეგისკენ დაიძრა. 14 ოქტომბერს კი ერთდროულად გაიმართა ორი გენერალური ბრძოლა, რომელმაც ყველაფერი დაასრულა. ნაპოლეონი იენასთან ებრძოდა პრუსიელთა ერთ შენაერთს, მისი მარშალი დავუ კი აუერშტედტთან მეორეს. ორივე ბრძოლა ერთდროულად მიდიოდა. იენასთან დამარცხებული პრუსიელები აუერშტედტისკენ გაიქცნენ, სადაც გადარჩენილი პრუსიის შენაერთი ეგულებოდათ, მაგრამ ამავე დროს აუერშტედტთან მდგარი პრუსიელებიც რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად სასტიკად დამარცხდნენ (დავუმ მალე აუერშტედტის ჰერცოგის ტიტული მიიღო) და იქიდან იენაში განლაგებული შენაერთისკენ გაიქცნენ. გადარჩენილები ერთმანეთს შუა გზაზე შეხვდნენ და აცნობეს, რომ ორივენი დამარცხდნენ და ამგვარად პრუსიას არმია აღარ ჰყავდა. სულ რამდენიმე დღეში ფრანგებმა  მთელი ქვეყანა დაიკავეს. პრუსიის სამეფო ოჯახი კონინსბერგში გადაიმალა და მეფე ნაპოლეონს იქიდან ეკითხებოდა რამდენად კომფორტულად მოეწყო იმპერატორი პოტსდამის რეზიდენციაში. უბრალო პრუსიელები ენით აუწერელ შოკში იმყოფებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში შოკმა მათ კარგი სამსახური გაუწია. გაიაზრეს რა ფრანგებთან კატასტროფული დამარცხების შემდეგ, რომ მათი სამხედრო სისტემა ჩამორჩა, ბერლინში შეიარაღებული ძალების რეფორმაზე დაიწყეს ფიქრი და თანდათანობით ევროპაში ყველაზე დახვეწილი სამხედრო განათლებისა და სამეთაურო სისტემა შექმნეს. შედეგად, დაახლოებით ნახევარ საუკუნეში პრუსიას ევროპაში უძლიერესი არმია ჰყავდა, რომელმაც გერმანიის გაერთიანებაში ერთობ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორი იყო. 1806 წლის 27 ოქტომბერს ბერლინში ტრიუმფით შევიდნენ ფრანგები. მისთვისაც კი არნახული წარმატებით გაბრუებულმა  ნაპოლეონმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო; მან ინგლისს კონტინტური ბლოკადა დაუწესა. ფრანგები უკვე თითქმის მთელ კონტინენტს აკონტროლებდნენ და ლონდონთან თამაშს აზრი აღარ ჰქონდა. თუკი ინგლისი სერიოზულ დათმობაზე არ მოდიოდა, მაშინ კონტინენტიდან საერთოდ მოკვეთილი იქნებოდა. “მედუქნეებს” ნაპოლეონის აზრით ყველაზე მეტად ხომ საკუთარი ჯიბის პრობლემა აწუხებდათ და ამიტომაც ეკონომიკაზე დარტყმა მათთვის მეტად მტკივნეული უნდა ყოფილიყო (თუმცა, ნაპოლეონს სხვა დარტყმის განხორციელების საშუალება არც ჰქონდა). ახლა მთავარი იყო კონტრაბანდასთან ბრძოლა, რათა ბლოკადა რეალობად ქცეულიყო. მაგრამ ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის სისუსტის აღიარებაა – ნაპოლეონი აღიარებდა, რომ ინგლისურ ეკონომიკასთან კონკურენცია მის დიდ იმპერიასაც კი არ ძალუძდა და “მედუქნეებთან” ვაჭრობას არა მხოლოდ თავის იმპერიას, არამედ მთელ ევროპას უკრძალავდა.

ძნელი წარმოსადგენი არ არის რა განწყობა სუფევდა ლონდონში. ტრაფალგარმა ინგლისს დრო მოაგებინა, მაგრამ 1806 წლის მდგომარეობით მოგებული ეს დრო შეიძლებოდა გაცილებით მალე ამოწურულიყო ვიდრე ეს ერთი წლის წინ ეგონათ – ფრანგები თანდათანობით მთელ კონტინენტს ეუფლებოდნენ და თუკი ასე გაგრძელდებოდა, ინგლისი არა მხოლოდ ეკონომიკურ ზარალს ნახავდა, არამედ ნაპოლეონიც გაცილებით უფრო სწრაფად ააგებდა ახალ ფლოტს და ნელსონის გენიის გარეშე დარჩენილ ალბიონს უფრო იოლად შეუტევდა. სანამ ინგლისს კიდევ ჰქონდა ფული, როგორმე ნაპოლეონის წინააღმდეგ ისევ უნდა აემუშავებინა აუსტერლიცთან დამარცხებული კოალიცია (პრუსიას უკვე ვეღარანაირი ფული ვერ აამუშავებდა).

ავსტრია ინგლისელთა ახალ შეთავაზებას დიდი ენთუზიაზმით არ გამოეხმაურა. ამ ქვეყანას უკვე მეტისმეტად ბევრი ბრძოლა წაეგო ნაპოლეონთან. რუსეთის დაყოლიება გაცილებით უფრო იოლი აღმოჩნდა: ფრანგები უკვე მათ საზღვართან იდგნენ და მათთან ბრძოლა რუსეთს ალბათ ყველა შემთხვევაში მოუწევდა. შესაბამისად, ინგლისელების ფულით ომი გაცილებით უკეთესი ვარიანტი იყო. უკვე 1806 წლის ნოემბერში რუსები და ფრანგები ერთმანეთისკენ დაიძრნენ. 1807 წლის 8 თებერვალს ეილაუსთან (ამ ქალაქს ახლა ბაგრატიონოვსკი ეწოდება მაშინდელი ცნობილი რუსი გენერლის საპატივცემულოდ) შედგა გენერალური ბრძოლა, რომელიც რუსების უკან დახევით, მაგრამ არა განადგურებით დასრულდა. საჭირო იყო კიდევ ერთი გენერალური ბრძოლა, რომლისთვისაც ორივე მხარემ თავისებურად დაიწყო მზადება. ნაპოლეონს იმ დროისათვის უკვე ერთი უპირატესობისათვის მიეღწია – მისი შეგულიანებით რუსეთს ომი გამოუცხადა თურქეთმა. ახლა მან მეორე უპირატესობაც აამოქმედა – ჯარში სატელიტი  ქვეყნების მოქალაქეები იხმო და არმია ამით გააძლიერა. ალექსანდრემ ამის საპირისპიროდ მხოლოდ ის მოახერხა, რომ თავის ეკლესიას ნაპოლეონი ანტიქრისტედ და მართლმადიდებლობის მტრად გამოაცხადებინა (ეს არც ისე რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ რელიგიისადმი გულგრილად განწყობილმა ბონაპარტმა ოდესღაც ეგვიპტეში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით თავი ყურანის მიმდევრად გამოაცხადა). ამ კამპანიამ საბოლოო ჯამში, მოგვიანებით შედეგი გამოიღო (ამაზე ქვემოთ), მაგრამ 1807 წელს მან რუსები დამარცხებისგან ვერ იხნა. ამაში ისევ და ისევ ალექსანდრეს მოუთმენლობამ ითამაშა თავისი როლი. თუმცა, რუსთა იმპერატორი ამჯერად მისმა გენერალმა შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც ეილაუსთან ბრძოლა თავის დიდ გამარჯვებად და ნაპოლეონის კატასტროფად გაასაღა. ამ ამბებით შეგულიანებული ალექსანდრეს ბრძანებით რუსების არმია შეტევაზე გადავიდა და 14 ივნისს ფრიდლანდთან კიდევ ერთი დიდი მარცხი განიცადა.

ნაპოლეონის წინაშე რუსეთზე გზა ხსნილი იყო. მისი არმია მდინარე ნემანთან იდგა ზედ დიდი იმპერიის საზღვართან. ფრიდლანდმა ალექსანდრესაც კი მოუსპო წინააღმდეგობის შემდგომი გაწევის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც უკანასკნელ იმედს, გარს ეხვეოდნენ ფრანგი როიალისტები, ინგლისელები, პრუსიელები და ყველა კატეგორიის ხალხი, რომელიც ნაპოლეონის დამარცხებაზე ოცნებობდა. ალექსანდრემ ნაპოლეონს დაზავება შესთავაზა და ეს უკანასკნელი მაშინვე დათანხმდა. მას არაფერში სჭირდებოდა რუსეთთან ომი თუკი ეს უკანასკნელი კონტინენტურ ბლოკადას შეუერთდებოდა. გარდა ამისა, ნაპოლეონს ახლა კარგი შანსი ჰქონდა აესრულებინა თავისი ძველი ჩანაფიქრი და რუსეთი თავის მოკავშირედ ექცია. 25 ივნისს ორი იმპერატორი ერთმანეთს შეხვდა. ალექსანდრე ნაპოლეონს მისალმებისთანავე “გამოუტყდა,” რომ ინგლისელები მასაც სძულდა (ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუკი რუსთა იმპერატორს მამის გამო სინდისი ქეჯნიდა). ალექსანდრესთან მყოფი პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ მესამე, რომელსაც ეილაუსთან ბრძოლამ ტყუილი იმედები ჩაუსახა, საცოდავად ელოდა განაჩენს. ნაპოლეონი არ მალავდა მისდამი და პრუსიელებისადმი ზიზღს და მეფეს სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ მისი ქვეყანა რუქიდან საერთოდ გაქრებოდა. ეს თითქმის ასეც მოხდა – ნაპოლეონმა “რუსთა იმპერატორის ხათრით” პრუსიას მხოლოდ სამი პროვინცია დაუტოვა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ გასაცოდავებულმა ფრიდრიხ-ვილჰელმ მესამემ თავმოყვარეობა სულ დაკარგა და ტერიტორიების შესანარჩუნებლად ნაპოლეონთან თავისი ლამაზი ცოლი, საფრანგეთთან ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ლუიზა, მიუშვა. ნაპოლეონზე მსგავსი რამეები დიდ გავლენას არ ახდენდა. რამდენიმე ხნით ადრე მასთან პოლონელებმა სილამაზით განთქმული მარია ვალევსკა მიუშვეს იმ იმედით, რომ კორსიკელი პოლონეთის სახელმწიფოებრიობას აღადგენდა. ლუიზასგან განსხვავებით მარიასთან ნაპოლეონს რომანი ჰქონდა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდა და მარიამ მისგან ბავშვიც კი გააჩინა (რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო მინისტრიც გახდა), მაგრამ პოლონეთის ეროვნულ იდეას ამან დიდად ვერ უშველა. ტილზიტის ზავის შედეგად (ასე იწოდა 8 ივლისს ალექსანდრესთან მიღწეული შეთანხმება) ნაპოლეონმა ე.წ. ვარშავის საჰერცოგო შექმნა, რომლის ჰერცოგადაც ფრანგების ახალი მოკავშირე საქსონიის მეფე დაინიშნა. ტილზიტის ზავის შედეგად საფრანგეთმა და რუსეთმა სამხედრო კავშირი შეკრეს. რუსეთი არა მხოლოდ კონტინენტურ ბლოკადას შეუერთდა, არამედ ვალდებულებას იღებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგეებთან ომში ჩაბმულიყო. ევროპა ნაპოლეონს დარჩა, აღმოსავლეთი კი რუსებს. იქამდე დაუმარცხებელი ინგლისი უკვე სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა.

პირველი წაფორხილებები

კონტინენტური ბლოკადის სრული რეალიზაციისათვის პორტუგალიასა და ესპანეთზე კონტროლიღა იყო საჭირო. ესპანეთი ისედაც ნაპოლეონის ჭკუაზე დადიოდა, მაგრამ ინგლისურ კონტრაბანდასთან ბრძოლისათვის მაინც ქვეყნის ოკუპაცია უფრო სასურველი იყო. იგივე უფრო მეტად ეხებოდა პორტუგალიას, რომელიც ინგლისის გავლენას ტრადიციულად განიცდიდა. ნაპოლეონის გარემოცვიდან ძალიან ბევრი ამ ქვეყნების ოკუპაციის წინააღმდეგი იყო: საფრანგეთს უკვე წარმოუდგენელი დიდებისათვის მიეღწია და ახლა სტატუს კვოს შენარჩუნებაზე უნდა ეფიქრა და არა ახალ ავანტურებზე. მაგრამ ნაპოლეონს არ აწყობდა ისეთი სტატუს კვო, რომელშიც ინგლისს რაღაც სახის უპირატესობა მაინც ექნებოდა საფრანგეთზე. 1807 წლის ნოემბერში ფრანგული არმია პორტუგალიაში შევიდა. იქაური სამეფო ოჯახი უკვე ინგლისში იყო გაქცეული. ჯერი ესპანეთზე მიდგა. ეს უკანასკნელი ისედაც საფრანგეთის სატელიტი იყო და მკვეთრ ზომებს წესით არ საჭიროებდა. ნაპოლეონმაც მოიფიქრა ზომა, რომელიც ერთი შეხედვით რბილი ჩანდა. ესპანეთის სამეფო ოჯახში სერიოზული განხეთქილება სუფევდა. ნაპოლეონმა მადრიდში ჯარი შეიყვანა და სამეფო ოჯახი საფრანგეთში დაიბარა მათი “საქმეების გასარჩევად.” გარჩევაზე დიდი დრო არ დახარჯა – უბრალოდ ოჯახს სამეფო ტახტზე უარი ათქმევინა და ესპანეთის განკარგვის უფლება თავად გადაიბარა. ოჯახის წევრები საფრანგეთშივე გადაანაწილა (მაგალითად, ტახტის მემკვიდრე და პრინცები ტალეირანის სასახლეში გაამწესა), ესპანეთის მეფობა კი თავისი ძმა ჟოზეფს დაავალა. თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო – რეჟიმის ცვლილება შედგა და შედგა რაღაც ლეგიტიმიზმის ნიშნებითაც იმ გაგებით, რომ ესპანეთს უკვე ერთი საუკუნე ბურბონები მართავდნენ და თუკი ეს უკანასკნელი საფრანგეთში ბონაპარტებმა შეცვალეს, რატომ არ უნდა მომხდარიყო იგივე ესპანეთშიც?

მაგრამ ესპანელები ასე არ ფიქრობდნენ. ჯერ კიდევ სანამ ნაპოლეონი სამეფო ოჯახის საქმეებს განსჯიდა, მადრიდში ამბოხებამ იფეთქა. ესპანელები გაცილებით უფრო ამაყები აღმოჩნდნენ ვიდრე ეს ეგონა იმპერატორს, რომელიც ავსტრიისა და განსაკუთრებით პრუსიის შემდეგ ერების იოლად დაჩოქებას იყო მიჩვეული. ჟოზეფის გამეფების შემდეგ კი ამბოხებებმა არნახული მასშტაბი მიიღო. მათი მიზეზი იყო როგორც შელახული თავმოყვარეობა ასევე ამერიკული უმდიდრესი კოლონიების დაკარგვა და დასავლეთ ნახევარსფეროსთან კავშირის იძულებითი გაწყვეტა – ინგლისმა ესპანეთს ომი გამოუცხადა და ამერიკის კონტინენტებზე ყველა სამფლობელო წაართვა. მსგავს პრივილეგიას ინგლისგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იღებდა, ვინც კი ნაპოლეონის პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად ეს ესპანეთს შეეხო, რომელსაც ბევრი კოლონია ჰქონდა.

ესპანელ პარტიზანებს წესით იმპერიისათვის დიდი პრობლემა ვერ უნდა შეექმნათ. ნაპოლეონი უბრალოდ იძულებული იყო აქ დიდი გარნიზონი ჰყოლოდა (რომელსაც არაფრანგებითაც ავსებდა) და მოთმინება გამოეჩინა. თუმცა, ესპანელთა ფანატიკურ წინააღმდეგობას ბოლო არ უჩანდა და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამ წინააღმდეგობამ დამარცხებული დიდი სახელმწიფოებიც შეაგულიანა. ავსტრიამ ომზე დაიწყო ფიქრი. რევანშის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი პარიზში ავსტრიის ელჩი მეტერნიხი იყო. თუკი ნაპოლეონი სამხედრო ვუნდერკინდი იყო, მეტერნიხი დიპლომატიის ვუნდერკინდად უნდა მოვნათლოთ. განათლება მას ევროპის რამდენიმე ქალაქში მიეღო და ფრანგულად უფრო იოლად საუბრობდა ვიდრე გერმანულად; 35 წლისას უკვე ბერლინში ელჩობაც მოესწრო. მისი ეპოქის კიდევ ერთი დიდი დიპლომატის, ტალეირანის დარად მეტერნიხი არნახული მექალთანე იყო. თავის დროზე კარიერის გაკეთებაში წარმატებული ქორწინება დაეხმარა (მან ცოლად ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საგარეო მინისტრის, კაუნიცის ქალიშვილი მოიყვანა) და რომანებს არც ამის შემდეგ ერიდებოდა. ხშირად ქალების გამო სახელმწიფო საქმეებსაც კი ივიწყებდა ხოლმე და ამით განსხვავდებოდა ტალეირანისგან, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა ცივ გონებას და სახელმწიფო ინტერესებზე წინ მხოლოდ საკუთარი ჯიბის ინტერესებს თუ აყენებდა. მეტერნიხის საყვარელთა რიგებში თვით ნაპოლეონის ერთ-ერთი დაც შედიოდა. ხოლო რაც შეეხება თავად ნაპოლეონთან მის დამოკიდებულებას, დიპლომატი ფრანგთა იმპერატორის გენიას აღიარებდა, მაგრამ როგორც ავსტრიელი შურისძიებაზე ოცნებობდა და როცა ფრანგებს ესპანეთში ფეხი წაუცდათ, ჩათვალა რომ დრო დადგა. კლემენს ფონ მეტერნიხისათვის, რომელიც საკმაოდ მალე ევროპის წამყვან დიპლომატად უნდა ქცეულიყო, მიუღებელი იყო არა უბრალოდ ავსტრიის დაკნინება, არამედ ბალანსის დარღვევა ევროპაში. მისი გაგებით ისევე როგორც ბუნება იდგა ბალანსსა და წონასწორობაზე, ასევე უნდა ყოფილიყო მსოფლიო პოლიტიკაც. ამასთან მეტერნიხს ეზიზღებოდა ფრანგული რევოლუცია, რომლის წარმონაქმნსაც ნაპოლეონი წარმოადგენდა (სურდა მას ეს თუ არა). მაგრამ როგორც ნამდვილმა დიპლომატმა მან საქმე პირად გრძნობებზე წინ დააყენა და ბერლინში მისიისას ფრანგებს ისე მოაწონა თავი, რომ  ნაპოლეონმა თავად ითხოვა პარიზში მისი ელჩად გამწესება.

ავსტრიელების სამხედრო მზადება ნაპოლეონს ცხადია არ გამოჰპარვია და მან საქმეში ისევ რუსების ჩართვა გადაწყვიტა. გამოცხადდა, რომ ფრანგების და რუსთა იმპერატორები სექტემბერში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ გერმანიის ქალაქ ერფურტში. რუსების სამეფო კარი პანიკამ მოიცვა – არ იყო გამორიცხული, რომ ალექსანდრეს ესპანეთის მეფის ბედი გაეზიარებინა. რუსთა იმპერატორი ტილზიტის შემდეგ თავს არც ისე ბედნიერად გრძნობდა. მართალია, ამ ზავის წყალობით მან შვედებს ფინეთი წაართვა, მაგრამ აღმოსავლეთში ჰეგემონია ვერ მოიპოვა. საუბარი რუსეთისათვის კონსტანტინოპოლის დათმობაზე (რუსი მონარქები მაშინ უკვე ოცნებობდნენ ამაზე) მხოლოდ საუბრად რჩებოდა (თურქებმა როცა დაინახეს რა ხდებოდა, ინგლისელებს დაუახლოვდნენ და 1809 წლის იანვარში შეთანხმებაც გაუფორმეს, რომლის მიხედვითაც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არცერთი ქვეყნის სამხედრო ხომალდებს არ გაატარებდნენ და იქ არც ინგლისელები შევიდოდნენ). კონტინენტური ბლოკადაც მძიმედ მოქმედებდა რუსეთის ეკონომიკაზე და ალექსანდრეს სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენდებოდა მამამისის ბედი. ეს კი ესპანეთის მეფის ბედზე გაცილებით უარესი იყო. თუმცა, ნაპოლეონი ალექსანდრეს მსგავსს არაფერს არ უმზადებდა – რუსეთი ესპანეთი ნამდვილად არ იყო. ნაპოლეონს შეხვედრა ალექსანდრესთან ძმობის დემონსტრაციისა და ავსტრიის დასაშინებლად სჭირდებოდა. ერფურტში კორსიკელი არნახული ბრწყინვალებითა და უზარმაზარი ამალით წარსდგა. ამალაში ტალეირანიც ერია, რომელიც უკვე მინისტრი აღარ იყო. დიდი დიპლომატი ტილზიტის შემდეგ გადადგა. როგორც თავად ამტკიცებდა, ამის მიზეზი ნაპოლეონის სიხარბე და ზომიერების არქონა იყო, რაც მის ხედვას ეწინააღნდეგებოდა. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რომ ტალეირანის წასვლა უბრალოდ იმან განაპირობა, რომ მის სატელიტ ევროპელ მონარქებს ყელში ამოუვიდათ მინისტრის სიხარბე – ტალეირანი მუდამ საჩუქრებსა და ქრთამებს ითხოვდა. იყო ალბათ კიდევ ერთი მიზეზი – ადრეულ ასაკში დაკოჭლებულ ტალეირანს მუდამ უჭირდა ევროპაში სხვადასხვა მისიებზე სიარული და უბრალოდ დასვენება სჭირდებოდა. ერფურტის გამო მას კიდევ ერთხელ მოუხდა შორს გამგზავრება და გადაწყვიტა ალექსანდრესთვის თავის მოწონების შანსი ხელიდან არ გაეშვა. თუკი ტილზიტის დროს ნაპოლეონმა ზომიერება ვერ გამოიჩინა, ესპანეთში იგი უკვე დიდ ხათაბალაში გაეხვა. ტალეირანმა იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ევროპული ბალანსი სამუდამოდ დაენგრია ერთ ადამიანს და რომ შესაბამისად ამ ადამიანის დიდი იმპერია ადრე თუ გვიან დაეცემოდა. სანამ ეს მოხდებოდა, მას ევროპელი მონარქებისათვის სამსახური უნდა გაეწია და პოსტ-ნაპოლეონისეულ ევროპაში ღირსეული ადგილი დაებევებინა. პირველი ასეთი მონარქი ალექსანდრე იყო, რომელსაც ერფურტში ტალეირანის დახმარებამ სულზე მიუსწრო. “რუსი ხალხი გაუნათლებელია, მაგრამ მათ ჰყავთ განათლებული მეფე, ფრანგი ხალხი განათლებულია, მაგრამ მათ ჰყავთ გაუნათლებელი მეფე. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ რუსი მეფე და ფრანგი ხალხი... თქვენ შეგწევთ ძალა ისხნათ ევროპა და ამისათვის მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ: არაფერი დაუთმოთ ნაპოლეონს,” – მოახსენა რუსთა იმპერატორს ფრანგების ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც ნაპოლეონი ძველებურად აღარ ენდობოდა, მაგრამ რომლისაც მაინც არანაირად არ ეშინოდა. ზომიერებამ ნაპოლეონს თავდაჯერებულობაშიც უმტყუნა. ტალეირანის დახმარების წყალობით ალექსანდრე უკვე იოლად ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონის ზეწოლას და საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელმა ბევრი ვერაფერი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი სანაცვლოდ მთელ რიგ ტერიტორიებს ჰპირდებოდა (მათ შორის პოლონეთში) რუსეთმა უარი თქვა ულტიმატუმი წაეყენებინა ავსტრიისათვის და მისი განიარაღება მოეთხოვა. ნაპოლეონმა ალექსანდრესგან მხოლოდ იმის დაპირება მიიღო, რომ ომის შემთხვევაში რუსეთი საფრანგეთს დაეხმარებოდა.

ტალეირანის აპოლოგეტები ერფურტში დაწყებულ ღალატს იმით ამართლებენ, რომ ყოფილი მინისტრი ევროპელი უფრო იყო ვიდრე ფრანგი ნაციონალისტი. მას არ შეეძლო ეყურებინა გულგრილად თუ როგორ ქრებოდნენ რუქიდან სახელმწიფოები და იღუპებოდა ევროპა, რომელიც მას ასე უყვარდა. თუმცა, ტალეირანს უპირველესად მაინც საკუთარი თავი და ფუფუნება უყვარდა. ევროპის სიყვარულში მას თავისებურად ნაპოლეონიც გაეჯიბრებოდა, რომელიც კონტინენტზე ერთიანი ვალუტის შემოღებასა და საერთო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე ფიქრობდა. მაგრამ ევროპას მისი ჩანაფიქრი “არ ესმოდა” და ამ “გაუგებრობის” გამო ნაპოლეონს კიდევ ერთ ომში ჩაბმა უწევდა. რაც შეეხება ტალეირანს, ერფურტიდან მოყოლებული იგი რუსებისგან დიდძალ ფულს იღებდა (თუმცა, ფულის ნაკლებობას უამისოდაც არ განიცდიდა). გარდა ამისა, ალექსანდრემ პარიზში რუსეთის საელჩოში მრჩევლის თამამდებობაზე მივლინებულ ნესელროდეს (რუსეთის მომავალ კანცლერს) დაავალა ტალეირანთან მუდმივად კავშირზე უნდა ყოფილიყო და პეტერბურგი ინფორმაციით მოემარაგებინა. მაგრამ ყოფილი მინისტრი მხოლოდ რუსებთან თანამშრომლობაზე არ გაჩერდა. ერფურტის შემდეგ იგი მეტერნიხს შეხვდა და აცნობა, რომ ნაპოლეონი ალექსანდრესთან შეხვედრით უკმაყოფილო იყო. ამის შემდეგ მეტერნიხთან მისი შეხვედრები ძალიან გახშირდა, რამაც ყოფილ მინისტრს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გაუჩინა (ამჯერად მის სიხარბეზე აღარავინ ჩიოდა და მასაც ფულის საშოვნელად მოგზაურობა აღარ უწევდა). აღტაცებული მეტერნიხი ვენას არწმუნებდა, რომ საფრანგეთთან ომისათვის მართლაც რომ ხელსაყრელი დრო დადგა. ავსტრიელებმა რუსეთისა და პრუსიის გადმობირებაც სცადეს. ალექსანდრეს მსგავს იდეაზე ჯერჯერობით ფიქრიც არ სურდა, მაგრამ სამაგიეროდ ავსტრიელებს არაოაზროვნად განუცხადა, რომ ნაპოლეონთან ომის დროს მათ რუსების მხრიდან ზურგში დარტყმის შიში არ უნდა ჰქონოდათ. ფრიდრიხ-ვილჰელმ მესამე თავიდან საკმაო ენთუზიაზმით განეწყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ რუსეთი განზე დგომას არჩევდა, შეშინებულმა ყველაფერი გადაიფიქრა. ავსტრიას მარტოდ უწევდა ომი, მაგრამ თავად ნაპოლეონსაც ორ ფრონტზე მოუწევდა ბრძოლა. იმპერატორი ამ ფაქტს კარგად აცნობიერებდა და ამიტომ ერფურტის შემდეგ პირადად ჩავიდა ესპანეთში, რათა ავსტრიასთან ომამდე იქ წესრიგი დაემყარებინა. ესპანელი ამბოხებულების გარდა მას უკვე ინგლისელებთანაც უწევდა ომი, რომლებიც პორტუგალიაში გადმოსხდნენ. სამხედრო კამპანია წარმატებით მიდიოდა, ესპანელები მარცხდებოდნენ, ინგლისელები კი გარბოდნენ. მაგრამ 1809 წლის იანვარში ნაპოლეონმა პარიზიდან შემაშფოთებელი ცნობა მიიღო – ტალეირანი და ფუშე დაახლოვდნენ. ეს ორი ადამიანი იქამდე ერთმანეთს ვერასოდეს ეგუებოდა და ერთმანეთთან ხეირიანად მხოლოდ მაშინ ურთიერთობდნენ ხოლმე, როცა მიიჩნევდნენ, რომ ნაპოლეონის სიცოცხლეს ან მდგომარეობას საფრთხე ელოდა და მისი შეცვლისათვის მზადება იყო საჭირო (მართლაც, ისინი ამჯერად ნაპოლეონს მიურატით - მისი სიძითა და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მარშლით - უპირებდნენ შეცვლას). ნაპოლეონი მიხვდა, რომ მისი ორი ყველაზე ნიჭიერი მაგრამ არასანდო მრჩეველი ამჟამად ესპანურმა მოვლენებმა შეაგულიანა, ამიტომაც სასწრაფოდ გაემართა დედაქალაქში, იქ დიდებულები და მინისტრები შეკრიბა და მათი თანასწრებით ტალეირანი საშინლად გალანძღა. შემდეგ ყოფილ მინისტრს ზოგიერთი ტიტულიც ჩამოართვა, მაგრამ სულ ეს იყო და ეს, რადგან ნაპოლეონს მხოლოდ ეჭვები ჰქონდა და დიპლომატის ფარულ საქმიანობაზე კონკრეტულად არაფერი იცოდა. როცა შეშინებული ტალეირანისათვის ეს ნათელი გახდა მან ძველებურად გააგრძელა ახალი საქმიანობა.

1809 წლის 14 აპრილს ავსტრიიის არმია შეტევაზე გადმოვიდა. ნაპოლეონი ამისათვის მზად იყო. პირველი შეტაკებები ავსტრიელებმა წააგეს, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა იმის დანახვა, რომ ისინი ადრინდელზე გაცილებით უკეთ იბრძოდნენ (პროგრესი მარტივად აიხსნებოდა – ტალეირანს საფრანგეთის სამხედრო უწყებაში ბევრი მეგობარი ჰყავდა). 13 მაისს ნაპოლეონი უკვე ვენაში შევიდა, მაგრამ ავსტრიის ჯარმა არა მხოლოდ უკან დახევა, არამედ ამჯერად დუნაიზე ხიდების განადგურებაც მოასწრო. იმპერატორმა დუნაიზე გადასვლის რისკიანი ოპერაცია ჩაიფიქრა, რათა ტემპი არ დაეკარგა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ სოფელ ესლინგთან შუა ბრძოლაში სახელდახელოდ აგებული ხიდი ჩატყდა, რის გამოც ნაპოლეონმა უკან დახევა ბრძანა. ამ ფაქტის გამო ავსტრიის სამეფო კარი ისეთმა ეიფორიამ მოიცვა, თითქოს ვენა ისევ ნაპოლეონის ხელში არ ყოფილიყო. ეიფორიამ მთელ ევროპას გადაურა და ამის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ ერთ-ერთ შეტაკებაში ნაპოლეონს ბედმა უმუხთლა და ჯარი უკან მოაბრუნა. მაგრამ ამგვარი რამეც კი ისეთი სასწაულებრივი მიღწევა იყო, რომ ინგლისელებმა ბელგიაში ჯარის გადასხმა გაბედეს (საიდანაც მალე გაქცევა მოუხდათ), რომის პაპმა კი ესლინგი ღმერთის სასჯელად გამოაცხადა, რომელიც ნაპოლეონს მისი ცოდვების გამო დაატყდა თავს (პაპი დააპატიმრეს, ხოლო მისი სამფლობელო საფრანგეთის საკუთრებად იქცა). ეიფორიასა და ისტერიკებს მხოლოდ თავად ავსტრიის არმიის სარდალი, გამოცდილი ერჰერცოგი კარლი არ იზიარებდა. მას კარგად ესმოდა, რომ ესლინგთან მიღწეული რაღაც წარმატების მიუხედავად კვლავაც მარტოდ იდგა ნაპოლეონის პირისპირ, რომელსაც ისედაც ძლიერი არმია ჰყავდა და ახლა დრო ჰქონდა ახალი გენერალური ბრძოლისათვის კიდევ უფრო მოძლიერებულიყო. გენერალური ბრძოლა 5 ივლისს ვაგრამთან გაიმართა და ფრანგების მხრიდან დიდი მსხვერპლის მიუხედავად ავსტრიელების საკმაოდ მძიმე მარცხით დასრულდა. ეს უკვე მართლაც საკმარისზე მეტი იყო. ვენის სამეფო კარი უიმედობამ მოიცვა. გამარჯვებული ნაპოლეონი მათ ახალ მკაცრ პირობებს უყენებდა და მშველელი არავინ ჩანდა.  მეტერნიხიც, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა ყოფილიყო მისთვის ბალანსის დანგრევა, უკვე იმაზე ფიქრისკენ იხრებოდა, რომ ნაპოლეონის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ასეთ ვითარებაში ავსტრიელები ნამდვილად მოხარულები იყვნენ, როცა ნაპოლეონმა მათ პრინცესაზე ქორწინების სურვილი გამოთქვა.

იმ დროისათვის ნაპოლეონის სიცოცხლე უკვე არაერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ (არა მხოლოდ ბრძოლის ველზე – ნაპოლეონის მოკვლას ცდილობდნენ ინგლისის მიერ დაფინანსებული ფანატიკოსები და უბრალოდ იდეალისტი ახალგაზრდები) და ასეთ ვითარებაში მემკვიდრის არქონა მთელ იმპერიას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებდა. მემკვიდრე კანონიერი მეუღლისგან იყო საჭირო  და რახან ჟოზეფინა ამ ფუნქციას თავს ვერ ართმევდა, ახალი მეუღლე იყო საჭირო, რომელიც ან ავსტრიელი უნდა ყოფილიყო ან რუსი – კონტინენტზე საფრანგეთის გარდა სულ ორი დიდი სახელმწიფო იყო დარჩენილი და ნაპოლეონი ამათან ერთ-ერთს უნდა დამოყვრებოდა, რათა თავისი მომავალი შვილი, საფრანგეთის ახალი დინასტიის მეორე წარმომადგენელი, რომელიმე ტრადიციული დინასტიის სისხლით გაეკეთილშობილებინა. 40 წლის ასაკში უკვე ევროპის დამპყრობელი კიდევ უდრო მეტად პრაგმატული იყო ვიდრე საფრანგეთის გამგებელი 30 წლის ასაკში. მას ჟოზეფინა აღარაფერში სჭირდებოდა. მშვენიერ მარია ვალევსკას კი იმპერატორის კანონიერ მეუღლედ ქცევის შანსი უბრალოდ იმიტომ არ ჰქონდა, რომ პოლონელი იყო. რუსსა და ავსტრიელს შორის არჩევნის გაკეთება იოლი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის სამეფო კარი “კორსიკელ ურჩხულზე” პრინცესას მითხოვების აზრს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა. ვენაში კი, პირიქით, ამ შეთავაზებას ენთუზიაზმით შეხვდნენ. ვაგრამის შემდეგ ნაპოლეონთან დამოყვრება მართლაც რომ სასიამოვნი სიურპრიზი იყო. ნაპოლეონმა ერთი სამხედრო კამპანიის შემდეგ რუქიდან თითქმის გააქრო პრუსია, ავსტრიამ კი ბონაპარტთან უკვე ოთხი კამპანია წააგო... ვენისათვის ქორწინება სულ მცირე გადარჩენა მაინც იყო. გარდა ამისა, არ ჩანდა ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქნიდა ნაპოლეონის იმპერიას. მთავარი იყო ნაპოლეონს სტატუს კვო შეენარჩუნებინა, შემდეგ კი საფრანგეთის იმპერიას ავსტრიის იმპერატორის შვილიშვილი გადაიბარებდა. მეტერნიხიც კი, რომელსაც მალე ავსტრიის საგარეო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა, ევროპულ ბალანსზე აღარ და ვეღარ ფიქრობდა. თუმცა, მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა – მეტერნიხი (და ალბათ ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა) ნაპოლეონის ადგილას ნამდვილად სტატუს კვოს შენარჩუნებაზე იზრუნებდა, მაგრამ ნაპოლეონი მეტერნიხი არ იყო (და მეტერნიხიც ვერასოდეს მოხვდებოდა ნაპოლეონის ადგილას) და სხვანაირად ფიქრობდა.

1810 წლის 11 თებერვალს ფრანგთა იმპერატორმა ავსტრიის პრინცესა მარი-ლუიზაზე იქორწინა და ავსტრია თავის მოკავშირედ აქცია. კონტინენტზე ჯერ კიდევ ფორმალურად დარჩენილ სხვა სახელმწიფოებს ძირითადად ნაპოლეონის ოჯახის წევრები მართავდნენ. პრუსია ოკუპირებული რჩებოდა. ავსტრიასთან დამეგობრება სწორედ ის იყო, რაც ოდესღაც ტალეირანს უნდოდა. ახლა ეს დამეგობრება შედგა და შედგა საფრანგეთისათვის კიდევ უკეთეს პირობებში. ასეთი დამეგობრება თავისთავად რუსეთის შევიწროებასაც გულისხმობდა. ცხადია, ტალეირანი მხოლოდ შევიწროებაზე ფიქრობდა და არა ომზე, მაგრამ ისევ და ისევ, აქ ტალეირანზეა საუბარი. ქორწინებიდან სულ მალე ნაპოლეონმა რუსეთთან ომისათვის მზადება დაიწყო.

ლაშქრობა რუსეთზე

ნაპოლეონი ომებს ტყუილუბრალოდ არასოდეს იწყებდა და რუსეთში ლაშქრობასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. იმ დროისათვის კონტინენტურმა ბლოკადამ ინგლისს საგრძნობი ზიანი მიაყენა, მაგრამ ამავე დროს ზარალდებოდა საფრანგეთიც. ბლოკადამ ინგლისი კონტინენტურ ევროპას ბოლომდე მაინც ვერ მოწყვიტა, რადგან კონტრაბანდა მაინც შედიოდა საფრანგეთის სატელიტი ქვეყნების ტერიტორიაზე და თავად საფრანგეთშიც კი. ამ დროს კი ბლოკადის გამო ფრანგულმა ეკონომიკამ არა მხოლოდ ინგლისი, არამედ მთელი დასავლეთ ნახევარსფერო დაკარგა. ინგლისი ფეხზე იდგა და ამაში მას ყველაზე მეტად ალბათ რუსეთი ეხმარებოდა, რომელიც აშკარად არღვევდა კონტინენტურ ბლოკადას. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონმა ალექსანდრეს რაღაც ტერიტორიები უწყალობა (მათ შორის ავსტრიისა და პრუსიისა, იმ გათვლით რომ რუსეთი ამ ქვეყნებს გადაიმტერებდა) ეს უკანასკნელი დიდ მადლიერებას არ იჩენდა და ფრანგულ საქონელზე დიდი საბაჟო გადასახადიც კი დააწესა. გადასახადსა და უმადურობას თავისი მიზეზები ჰქონდა – რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ნაპოლეონი პოლონეთის სახელმწიფოს შექმნის იდეით თამაშობდა, რაც რუსთა იმპერატორს ძალიან აღიზიანებდა. ეს თამაში განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ავსტრიის წინააღმდეგ ბოლო კამპანიაში პოლონელებმა ნაპოლეონს დიდი სამსახური გაუწიეს. ალექსანდრემ პოლონელთა გულის მოსაგებად მათთან ფარული მოლაპარაკებები გააჩაღა და ერთი მომენტი (1811 წლის მარტი) პოლონეთის საზღვრებთან არმიის მობილიზაციაც კი მოახდინა, რამაც პარიზში შეშფოთება გამოიწვია და რუსეთზე გალაშქრების გეგმებიც აშკარად დააჩქარა.

რუსეთზე გალაშქრების წინ ნაპოლეონი თავისი დიდების მწვერვალზე იდგა. მას მთელი ევროპის მონარქები (მათ შორის მისი სიმამრი, ავსტრიის იმპერატორი ფრანცი) და არისტოკრატები ფეხქვეშ ეგებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მლიქვნელობაში სხვებისათვის რომ ეჯობნა ფრანგთა იმპერატორის ღვთიური წარმოშობის ვერსიაც კი წამოაყენა. რელიგიისადმი გულგრილ ნაპოლეონზე ამან ალბათ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი უკვე ისეთ რამეებს ამბობდა, რაც ჯერ კიდევ ვაგრამამდეც კი მისგან წარმოუდგენელი იყო: სამ წელიწადში მთელი მსოფლიო მისი უნდა ყოფილიყო. ნაპოლეონს თავის თავზე ნათქვამი ჰქონდა, რომ 1797 წელს იგი „სხვის ჭკუაზე სიარულს გადაეჩვია“. 1812 წელს კი აშკარა იყო, რომ იგი არა მხოლოდ სხვის ჭკუაზე სიარულს, არამედ სხვისი აზრების გათვალისწინებას და რეალობის გათვალისწინებასაც კი გადაეჩვია. ალბათ რუსებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სულ ერთ წელიწადში „ღვთიური წარმოშობის“ იმპერატორს გვირგვინის შესანარჩუნებლად მისი განმადიდებელი მონარქების დიდ ნაწილთან ომი მოუწევდა.

რუსეთზე გასალაშქრებლად ნაპოლეონმა მთელ კონტინენტს (ავსტრიისა და პრუსიის ჩათვლით) ჯარისკაცების გამოყვანა უბრძანა. ბრძანება სიტყვაშეუბრუნებლად ასრულდა (ნაპოლეონმა ჯარისკაცები ესპანეთიდანაც კი წაასხა), რადგან მომავალი კამპანიისგან ყველა მხოლოდ ერთ შედეგს ელოდა – რუსეთი განადგურდებოდა. ამ პროგნოზს ვერ ცვლიდა ის ფაქტი, რომ ნაპოლეონს ესპანეთში რამდენიმე საუკეთესო მარშლის დატოვება მოუხდა, ხოლო შვედეთის პრინცად ქცეულმა, ნაპოლეონის ყოფილმა მარშალმა ბერნადოტმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარი განაცხადა (მას რუსეთის უფრო ეშინოდა ვიდრე საფრანგეთის, რომლისგანაც ზღვა იცავდა); ვერც ის, რომ რუსეთმა ბოლოსდაბოლოს თურქეთთან ომის დასრულება მოახერხა და ახლა ნაპოლეონთან ბრძოლისათვის უფრო მობილიზებული იქნებოდა. თავის ყველაზე გრანდიოზულ ლაშქრობაში მიმავალი ნაპოლეონი თავის მხლებლებთან უკვე იმაზე ლაპარაკობდა რას აპირებდა კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ – იგი რუსეთს გაივლიდა და ინდოეთს დაიპყრობდა. იმპერატორი თავის ძველ ოცნებებს დაუბრუნდა.

1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონის უზარმაზარმა არმიამ მდინარე ნემანზე გადასვლა დაიწყო. რუსეთს შეუტია ავსტრიამაც. თუმცა, საომარი კამპანიის დაწყების წინ მეტერნიხი ყოველი შემთხვევისათვის ფარულად პეტერბურგს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისი მხრიდან შეტევა უფრო ფორმალური ხასიათის იქნებოდა და დიდ საფრთხეს არ შექმნიდა. რუსებმა ავსტრიელთა შესაკავებლად ერთი არმია დატოვეს, რომელმაც თავის ფუნქციას იოლად გაართვა თავი. დანარჩენ ორ არმიას კი გაცილებით რთული ამოცანა ერგო, რადგან მათ ნაპოლეონი უნდა შეეკავებინათ. ამ არმიებიდან ერთის მეთაური, ბაგრატიონი, საბრძოლველად იყო განწყობილი. მაგრამ მეორე, უფრო დიდი ზომის არმიას რუსეთის სამხედრო მინისტრი ბარკლაი დე ტოლი მეთაურობდა, რომელიც კუტუზოვისეულად უკან იხევდა იმ გათვლით, რომ რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიებზე მომხვდურთა უზარმაზარი არმია თანდათანობით შეთხელდებოდა. რადგან ბარკლაის შენაერთის გარეშე ბრძოლა უბრალო თვითმკვლელობა იქნებოდა, ბაგრატიონსაც უკან უხდებოდა დახევა. ნაპოლეონი ცდილობდა მოწინააღმდეგისათვის როგორმე გენერალური ბრძოლა მოეხვია თავს ან ისინი უბრალოდ ალყაში მოექცია სანამ გაერთიანებას მოახერხებდნენ. მაგრამ ამაოდ; რუსები არა უბრალოდ უკან იხევდნენ, არამედ თან გააფთრებულ წინაღმდეგობას უწევდნენ მტერს და მანევრირების საშუალებას არ აძლევდნენ. ივლისის ბოლოს ბაგრატიონის ალყაში მოქცევის უშედეგო მცდელობების შემდეგ ნაპოლეონი ვიტებსკს მიადგა, სადაც ბარკლაი იდგა. იმპერატორს იმედი ჰქონდა, რომ რუსების მინისტრი ამჯერად მაინც გამართავდა ბრძოლას მაგრამ ამაოდ; ბარკლაიმ სმოლენსკისკენ დაიხია, სადაც წესით ბოლოსდაბოლოს ბაგრატიონთან უნდა გაერთიანებულიყო. ვიტებსკში შესული ნაპოლეონი ერთი პერიოდი ძალიან შეაფიქრიანა კამპანიის მომავალმა (ცხადია იგი კარგად ხვდებოდა ბარკლაის ჩანაფიქრს) და თავის გენერლებს გამოუცხადა რომ პაუზას იღებდა - იგი დაკავებულ პოზიციებზე გამაგრდებოდა და გამოიზამთრებდა, დაპყრობილ ლიტვასა და ბელორუსიას მიხედავდა და ალექსანდრესგან სამშვიდობო ინიციატივას დაელოდებოდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში რომ დარჩენილიყო, ევროპას ალბათ კიდევ დიდხანს მოუწევდა კორსიკელის ატანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეში ყველაფერი გადაიფიქრა და მტერს დაედევნა. რუსეთის სიღრმეში შესვლასთან ერთად კამპანია კიდევ უფრო რთულდებოდა. იქაურ ცუდ გზებზე საკვებით დატვირთული საზიდრები არმიას ვეღარ ეწეოდა, ავადმყოფობა და დეზერტირობა არმიას დიდ ზარალს აყენებდა. გარდა ამისა ჯარისკაცებს მოსახლეობის ხარჯზე  საკუთარი თავის გამოკვებაც უჭირდა, რადგან რუსის გლეხები მტრის დანახვაზე თავიანთ ქოხებს წვავდნენ და ტყეში გარბოდნენ. მათთვის ნაპოლეონი მართლმადიდებლობის მტერი იყო (ალექსანდრეს პროპაგანდამ თავისი შედეგი გამოიღო). გარდა ამისა, რუსის გლეხებს ავსტრიელი თუ პრუსიელი გლეხებისგან განსხვავებით არაფერი ებადათ და შესაბამისად დამპყრობელთან თანამშრომლობასა და მშვიდობიან ცხოვრებაში არც ისე დიდი ინტერესი ჰქონდათ (ისინი ინგლისელი “მედუქნეების” სრულიად საპირისპირო შემთხვევას წარმოადგენდნენ). ყოველივე ამის კულმინაციად სმოლენსკი იქცა, სადაც ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ სცადა მოწინააღმდეგის განადგურება, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მართალია, რუსები არნახული თავგანწირვით იბრძოდნენ და მტერს წინსვლას ერთობ ძვირად უსვამდნენ, მაგრამ ბარკლაიმ მაინც სიფრთხილე არჩია და ქალაქიდან გავიდა, ოღონდ იქამდე დენთის საწყობები ააფეთქა. ცეცხლმოდებულმა და გვამებით გადავსებულმა ქალაქმა მრავლისმნახველი ფრანგი მეომრებიც კი ნამდვილ შოკში ჩააგდო. ნაპოლეონმა ერთი მომენტი ისევ იფიქრა ომში პაუზის აღება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი მომენტი. შუა გზაზე გაჩერება და მოწინააღმდეგის დედაქალაქში შესვლის გარეშე უკან გაბრუნება მას არ ჩვეოდა.

სმოლენსკის შემდეგ რუსების ორი არმია გაერთიანდა და ალექსანდრემ მთავარსარდლად კუტუზოვი დანიშნა, რომელიც აუსტერლიცის შემდეგ დიდად არ უყვარდა (მისი თქმით კუტუზოვმა საკმარისად კატეგორიულად არ ურჩია ბრძოლისგან თავის შეკავება), მაგრამ უკეთესი არჩევანი არ არსებობდა, რადგან არარუს ბარკლაის მუდმივი უკანდახევის გამო ბაგრატიონი ღალატში ადანაშაულებდა, თავად ბაგრატიონი კი ნაპოლეონთან ზედმეტ სითამამეს იჩენდა. კუტუზოვმა ბუნებრივია უკანდახევა განაგრძო, მაგრამ ღალატს არავინ აბრალებდა, რადგან ჯარში მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა. ფრანგებიც იძულებით ისევ წინ მიიწევდნენ და გზად გარნიზონებს ტოვებდნენ. როცა კუტუზოვი ბოლოსდაბოლოს მოსკოვთან შეჩერდა (მისი ნება რომ ყოფილიყო იქაც არ გაჩერდებოდა, მაგრამ უომრად ნაპოლეონისათვის საიმპერატორო ქალაქის დათმობას მას ალექსანდრე არ აპატიებდა), მოწინააღმდეგეთა ძალები უკვე დაახლოებით თანაბარი იყო. 5 სექტემბერს მოსკოვის მახლობლად, ბოროდინოსთან გაიმართა ნაპოლეონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც შედეგების მიხედვით მისი გამარჯვებით დასრულდა – რუსებმა მეტი ზარალი ნახეს და უკანაც დაიხიეს. მაგრამ საფრანგეთის არმიამაც მძიმე დანაკარგი განიცადა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ბრძოლამ (რომელსაც ნაპოლეონი ასე ესწრაფოდა) ომს წერტილი არ დაუსვა. იმპერატორი მოსკოვში შევიდა (რომელიც რუსებმა ასევე დაუნანებლად მისცეს ცეცხლს), მაგრამ გაურკვეველი იყო რა უნდა მოემოქმედებინა შემდეგში უძლეველ სარდალს, რომელიც მიჩვეული იყო, რომ მოწინააღმდეგის არმიის დამარცხებისა და მის დედაქალაქში შესვლის შემდეგ ყველაფერი მთავრდებოდა. პეტერბურგში მყოფი ალექსანდრე ზავს არ ითხოვდა და ნაპოლეონის სამშვიდობო ინიციატივების პასუხად მხოლოდ დუმდა. რუსთა იმპერატორის “მოსარჯულებლად” ნაპოლეონი ერთხანს ყმების გათავისუფლებაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე არ წავიდა. იგი ვერასოდეს იტანდა ფანატიზმსსა და უმეცრებას. განვითარებულ და ცივილიზებულ საფრანგეთშიც კი რევოლუციამ ათასნაირი ბოროტება მოიტანა, რისი მოწმეც ნაპოლეონი თავად გახდა. რა შეიძლებოდა მოეტანა რევოლუციას რუსეთისნაირ ჩამორჩენილ და ბნელ ქვეყანაში? ნაპოლეონს, რომელმაც რუსეთი კამპანიამდე ჯერ წიგნებით ახლა კი უშუალო შეხებით კარგად შეისწავლა, ამის მიახლოებით წარმოდგენა მაინც შეეძლო და ეს საკმარისი იყო, რომ ჩანაფიქრზე ხელი აეღო. განათლებულმა და ცივილიზებულმა ადამიანმა ნაპოლეონში პრაგმატიკოსი და ცინიკოსი სძლია.
19 ოქტომბერს ნაპოლეონის ბრძანებით ფრანგული არმია მოსკოვიდან გამოვიდა. იმპერატორი არ აპირებდა პეტერბურგზე წასვლას, რადგან მისი არმიას ეს უკვე მეტისმეტად ძვირი დაუჯდებოდა. მართალია, მას 100 ათასი ბრძოლისუნარიანი მეომარი ახლდა, მაგრამ ხარისხობრივად ეს ის არმია აღარ იყო, რომელიც მას ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჰყავდა – მტრულმა და ცივმა გარემომ ჯარისკაცების მორალსა და დისციპლინაზე მძიმედ იმოქმედა. ნაპოლეონი თავიდან შორიახლოს მყოფ კუტუზოვთან შებმაზე ფიქრობდა, მაგრამ მალე იაზრა იაზრა, რომ ახალი ბრძოლა (იმ შემთხვევაშიც კი თუკი კუტუზოვი მასზე წამოვიდოდა) ბევრს ვერაფერს შეცვლიდა გარდა იმისა, რომ არმია ახალ მსხვერპლს ნახავდა. ჯობდა ნაპოლეონს რუსეთის არმიისათვის გვერდი აევლო და კალუგის გზით სმოლენსკისაკენ დაძრულიყო. ეს უკანასკნელი გამოზამთრებისათვის გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან ფრანგების მიერ დამორჩილებულ ევროპასთან ახლოს მდებარეობდა. კალუგის გზა ნაპოლეონს იმიტომაც ხიბლავდა, რომ იქიდან სმოლენსკამდე ჯერ კიდევ ხელუხლებელი დასახლებები იყო და მათ ხარჯზე ჯარი ასე თუ ისე თავს გამოიკვებავდა. მაგრამ კუტუზოვი არ აპირებდა ნაპოლეონის კალუგაში შეშვებას, სადაც რუსული არმიის პროვიანტი ინახებოდა. იგი ფრანგების ჯარს მალოიაროსლავეცთან გადაეღობა და სასტიკი ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ შემდეგ კვლავაც უკან დაიხია. კალუგის გზის გასავლელად ნაპოლეონს ისღა დარჩენოდა კუტუზოვს დასდევნებოდა და დაემარცხებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ალბათ ახალი ბოროდინო და ჯარის განახევრება ელოდა.
ამ პერსპექტივის გათვალისწინებით 24 ოქტომბერს იმპერატორმა ის გააკეთა, რასაც ჯერ კიდევ ერთი წლის მისგან ვერავინ წარმოიდგენდა. მან ბრძოლას თავი აარიდა, ჯარი მოაბრუნა და სმოლენსკისაკენ უკვე ერთხელ გავლილი, გაპარტახებული გზით დაიძრა. რუსები ნაპოლეონს კუდში მისდევდნენ. კუტუზოვი ბრძოლას ისევ გაურბოდა მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს ინგლისელი და გერმანელი მრჩევლები მისგან ამას მოითხოვდნენ (მათ ინტერესებში იყო ნაპოლეონის არმია საბოლოოდ განადგურებულიყო რუსეთშივე) და ფრანგებს ძირითადად კაზაკები და პარტიზანები თუ აწუხებდნენ. ასეთ ვითარებაში არმიას წესით თითქმის უვნებლად უნდა მიეღწია რუსეთის მოსაზღვრე მხარემდე, მაგრამ ჯარისკაცებს თავის გამოკვება სულ უფრო და უფრო უჭირდათ, არმიას ცხენები თითქმის აღარ შემორჩა, სულ მალე ძალიან აცივდა. შიმშილისგან და სიცივისგან დასუსტებული მეომრები ასობით ცვიოდნენ გზაზე, ჩამორჩენილები კი ან პარტიზანებსა და კაზაკებს უვარდებოდნენ ხელში, ან გლეხების მსხვერპლნი ხდებოდნენ. როცა 9 ნოემბერს ნაპოლეონი სმოლენსკში შევიდა, მას მხოლოდ 50 ათასი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი ჰყავდა და ასეთი ძალებით რუსეთის ტერიტორიაზე გაჩერება საკმაოდ სარისკო იყო. გარდა ამისა, სმოლენსკში გაცილებით ნაკლები პროვიანტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ფრანგები იმედოვნებდნენ. იმპერატორი იძულებული იყო დასავლეთისკენ გზა გაეგრძელებინა რათა ნარჩენი ჯარის ამარა მაინც ვილნომდე მიეღწია, სადაინაც მისი სამფლობელო უკვე სულ ახლოს იყო. რუსები (უკვე არა მხოლოდ კაზაკები და პარტიზანები) სულ უფრო და უფრო ღიად ესხმოდნენ თავს მტერს და დიდ ზარალსაც აყენებდნენ. ასეთ ვითარებაში დიდი შანსი იყო არა მხოლოდ არმიის დიდი ნაწილი, არამედ თავად ნაპოლეონიც საბოლოოდ რუსეთში ჩარჩენილიყო, მითუმეტეს რომ მდინარე ბერეზინაზე მას მეტად სახიფათო გადასვლა ელოდა. ალექსანდრესაც იმედი ჰქონდა, რომ ამ გადასვლის დროს ფრანგთა იმპერატორს დაატყვევებდა და შესაბამისი ბრძანებებიც გასცა. მაგრამ ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სამხედრო გენია - მოწინააღმდეგეებს მახვილგონივრული მანევრით მოწყდა და 26 ნოემბერს ბერეზინაზე ჯარის გადაყვანა დაიწყო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში აღმოსავლეთ ნაპირზე კაზაკები გამოჩნდნენ და არმიის ნაწილი მათ მსხვერპლად იქცა. ნაპოლეონის მანევრის გენიალობის მიუხედავად კაზაკების გარდა სხვებიც რომ გამოჩენილიყვნენ (მითუმეტეს მდინარის ორივე ნაპირზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო), ყველაფერი იქვე დასრულდებოდა, რადგან გადასვლა გაიწელა (სწორედ იმ დღეებში დათბა, მდინარე გაყინული აღარ იყო და ფრანგებს ხიდების გადება მოუხდათ). მაგრამ კუტუზოვმა აშკარად თავი მოარიდა ფრანგებთან შეტაკებას, სხვა რუსული შენაერთების მეთაურებმა კი ენით აუწერელი უთავბოლობა გამოიჩინეს (ცნობილ მეიგავე კრილოვს სწორედ ბერეზინასთან რუსი სარდლების ქმედებამ შთააგონა „გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია,“ სადაც სამივე ეს არსება სხვადასხვა მხარეს მიეზიდება ტვირთს და ამიტომაც ტვირთი ადგილიდან არ იძვრის). ნაპოლეონმა აღმოსავლეთ ნაპირზე დარჩენილებს დიდი ყურადღება არ მიაქცია, ხიდების დაწვა ბრძანა და გადარჩენილ ჯართან ერთად ვილნოსკენ დაიძრა. სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ აცივდა, ოღონდ ახლა უკვე ნამდვილი რუსული ყინვა დაიჭირა, რომელიც შიმშილთან ერთად ჯარისკაცებს ათასობით ცელავდა. უკვე აღარც ვილნოში გაჩერებას ჰქონდა აზრი. დეკებრის შუაგულისათვის გაყინულ ნემანზე არმიის ნარჩენების გადასვლა დაიწყო და კამპანია ამით დასრულდა. ამის შემდეგ ნაპოლეონის არმია უკვე ის აღარ იყო. და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთში ძალიან ბევრი დაიღუპა (ნახევარ მილიონზე მეტი კაციდან, რომელმაც 1812 წელს რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, უკან დაბრუნება 30 ათასამდეღამ შეძლო). გადარჩენილი მარშლებიდან და გენერლებიდან რუსეთის შემდეგ ბევრი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და მომავალ ბრძოლებში მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს (მაგალითად, ნეიმ, რომლის მხრებზეც რუსული კამპანიის უმძიმესმა მომენტებმა გადაიარა, ვატერლოოსთან მის კარიერაში ალბათ ყველაზე უგუნური კავალერიის შეტევა განახორციელა, რამაც ფრანგულ ჯარს საბოლოო ჯამში მხოლოდ დრო დააკარგვინა). ერთადერთი თავად ნაპოლეონი გამოიყურებოდა მხნედ. უკვე 6 დეკემბერს იგი მარხილში ჩაჯდა და ინკოგნიტოდ პარიზისკენ გაემართა. სანამ ევროპაში მისი წარუმატებლობის ამბებს გაიგებდნენ და სანამ დაპყრობილი ქვეყნები მის წინააღმდეგ ომს დაიწყებდნენ (ამაში კი მას ეჭვი თითქმის არ ეპარებოდა), იგი დედაქალაქში უნდა ჩასულიყო და ყველაფრის მოწესრიგება მოესწრო, მათ შორის ახალი არმიის გამოყვანაც.

დაცემა

რუსები საფრანგეთზე წასასვლელად მზად იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კუტუზოვი კამპანიის გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგი იყო (მისი აზრით ნაპოლეონი ინგლისისათვის უნდა “შემოენახათ,” რომელიც ასევე რუსეთის დაუძინებელი მტერი იყო; მითუმეტეს რომ ნაპოლეონი ამიერიდან რუსეთის დაპყრობაზე ფიქრსაც ვეღარ გაბედავდა), ალექსანდრეს მტკიცედ გადაეწყვიტა ნაპოლეონისათვის ბოლო მოეღო და ევროპის “გამათავისუფლებლად” ქცეულიყო. თუმცა, ცხადი იყო, რომ ომი არც ისე იოლი იქნებოდა. ნაპოლეონის სამხედრო გენია არსად წასულიყო. გარდა ამისა, ავსტრია საფრანგეთის წინააღმდეგ გამოსვლას სულაც არ ჩქარობდა. მეტერნიხი არ აყვა იმ ეიფორიას, რომელიც ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ თითქმის მთელ ევროპას მოედო (ფრანგებისა და პოლონელების გამოკლებით – ეს უკანასკნელები 1812 წლამდე ნაპოლეონში თავიანთი სახელმწიფოს აღდგენის ერთადერთ იმედს ხედავდნენ). მისთვის ნაპოლეონი მისაღები არასოდეს ყოფილა, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელი იყო ევროპაზე რუსეთის გავლენის ზრდის პერსპექტივა (მითუმეტეს, რომ ავსტრიის იმპერატორი უკვე არა მხოლოდ ნაპოლეონის სიმამრი, არამედ მისი ერთადერთი კანონიერი ვაჟის ბაბუაც იყო). ავსტრიის საგარეო მინისტრმა ნაპოლეონს შუამავლობა შესთავაზა. მშვიდობის სანაცვლოდ იმპერატორს რაღაცეები უნდა დაეთმო – თუ რეები კონკრეტულად, ეს ნაპოლეონს უნდა ეთქვა. მაგრამ ნაპოლეონი კონკრეტულს არაფერს ამბობდა. უფრო მეტიც, საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვაში პირდაპირ განაცხადა, რომ საფრანგეთის იმპერია ხელშეუხებელი დარჩებოდა. ნაპოლეონი არაფრის დათმობაზე არ ფიქრობდა და არაფრის არ ეშინოდა. პრუსიის მეფემ ყოყმანისა და ისტერიკების შემდეგ რუსეთის მხარეზე გადასვლა გადაწყვიტა (ეს მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ყური არ ათხოვა პრუსიელთა მუდარას ფრანგული ჯარების შენახვის საფასური გადაეხადა). მაგრამ ნაპოლეონს პრუსიელების ყველაზე ნაკლებად ეშინოდა. რუსებს აღარც კუტუზოვი ჰყავდათ (იგი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა) და აღარც ბაგრატიონი (იგი ჯერ კიდევ ბოროდინოს ბრძოლამ იმსხვერპლა), რომელსაც ნაპოლეონი რუსების ერთადერთ კარგ გენერლად მიიჩნევდა. კორსიკელი ენერგიის გასაოცარ მოზღვავებას გრძნობდა და მზად იყო ეომა – მისი აზრით რამდენიმე დიდი ბრძოლა (რომლებშიც ცხადია იგი გაიმარჯვებდა), ყველაფერს ისე დაალაგებდა როგორც ეს რუსეთში ლაშქრობამდე იყო. მას არც აშინებდა, რომ მოკავშირეებმა მთავარსარდლად მისი ყოფილი მარშალი, პატივმოყვარე და ნიჭიერი ბერნადოტი აიყვანეს.

1813 წლის 15 აპრილს ნაპოლეონი თავისი არმიით რუსებისა და პრუსიელებისაკენ დაიძრა და მალე პირველი მარცხიც აგემა. 20 მაისს კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ისევ მოკავშირეები დამარცხდნენ, თუმცა მარცხი შეიძლებოდა გაცილებით უფრო მძიმე ყოფილიყო რომ არა ნაპოლეონის მარშლების ზანტი მოქმედება. მეტერნიხი კიდევ ერთხელ ჩაერია საქმეში და მხარეები ზავზე დაიყოლია. თუკი ნაპოლეონი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, მაშინ ავსტრიას შეეძლო ომისათვის წერტილი დაესვა – ამ ქვეყანას საფრანგეთისა და რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი გააჩნდა და თუკი რუსები და პრუსიელები მეტერნიხის პირობებს არ მიიღებდნენ, ავსტრიას შეეძლო უბრალოდ ფრანგების მხარეს გადასულიყო და ამ უკანასკნელთა უპირატესობა უკვე უზარმაზარი იქნებოდა (თუმცა, საჭირო არც ეს გახდებოდა რადგან ნაპოლეონი რუსებსა და პრუსიელებს მარტოც უმკლავდებოდა). სანაცვლოდ ფრანგთა იმპერატორისგან არც ისე ბევრს ითხოვდნენ – მას უნდა დაეთმო ვარშავის საჰერცოგო, გერმანიის ნაწილი და ილირია. 28 ივნისს მეტერნიხი ნაპოლეონს ეახლა. იგი უდიდესი დიპლომატი იყო. ნაპოლეონი ასევე დიდ დიპლომატადაა მიჩნეული, მაგრამ მასში ყველა სხვა ნიჭსა და მისწრაფებას მაინც სამხედრო ჯაბნიდა. ყოველ შემთხვევაში 1813 წელს ასე ჩანდა. ის პირობები, რომელთაც ყველა ასეთ ვითარებაში სიხარულით დათანხმდებოდა, ნაპოლეონისათვის მიუეღებელი აღმოჩნდა. მან ყველაფერი ბრძოლით მოიპოვა და მხოლოდ ბრძოლით თუ დათმობდა. ბრძოლა კი მას ჯერჯერობით არ წაეგო და არც მომავალში აპირებდა. თუკი იგი ახლა სულ ცოტას დათმობდა, მომავალში უფრო მეტს მოსთხოვდნენ (ნაპოლეონს ასე მიაჩნდა, თუმცა შესაძლოა მეტერნიხი ამაზე არც ფიქრობდა). და ბოლოს, ნაპოლეონმა თავისი სიმამრისაგან თუ ალექსანდრესგან განსხვავებით სამეფო ტახტი თავად მოიპოვა. ეს უკანასკნელები უამრავი დამარცხების მიუხედავად ტახტს მაინც ინარჩუნებდნენ, მაგრამ ნაპოლეონს ეს ფუფუნება არ ჰქონდა. იყო კიდევ ერთი მოსაზრებაც (ამჯერად ნაპოლეონი-პოლიტიკოსის): დათმობა კონტინენტური ბლოკადის აღსასრულსა და ინგლისის გამარჯვებას ნიშნავდა (თუმცა, მეტერნიხთან ნაპოლეონს ეს არ უხსენებია). ამის ფონზე იმპერატორი ნაკლებად ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ ვერც ინგლისი იგრძნობდა თავს მშვიდად სანამ ბონაპარტს კვლავ დარჩებოდა უზარმაზარი იმპერია, რომელშიც სხვა ყველაფერთან ერთად შედიოდა ბელგია თავისი ანტვერპენით – “ზედ ინგლისის გყულზე დამიზნებული დამბაჩით” (ასე უწოდებდა მას ნაპოლეონი). მოკლედ, იმპერატორის არგუმენტებთან სადავო ძალიან ბევრი უყო. მეტერნიხმა ნაპოლეონის გამაოგნებელი საქციელი იმით ახსნა, რომ კორსიკელმა “გონება საერთოდ დაკარგა.” თავად მან კი ამასობაში მოთმინება დაკარგა და ნაპოლეონის მხლებლებს პირდაპირ განუცხადა, რომ თუკი ნაპოლეონი მის პირობებს არ მიიღებდა, უკვე ავსტრიასთანაც მოუწევდა ომი. ნაპოლეონს მთელი მისი გარემოცვა ამაოდ არწმუნებდა მიეღო მეტერნიხის პირობები. 10 აგვისტოს დაზავების ვადა გავიდა და ავსტრიამ საფრანგეთს ომი გამოუცხადა. დიპლომატიური თვალსაზრისით ომი უკვე წაგებული იყო – საფრანგეთს უკვე ერთდროულად ყველასთან უწევდა ბრძოლა. ასეთ რამეს ნაპოლეონი ადრე მუდამ ერიდებოდა, აცნობიერებდა რა რომ მისი სამხედრო გენიაც არ იყო საკმარისი მთელ ევროპასთან ომში გამარჯვების მისაღწევად. ასე რომ მეტერნიხს თავისი “დიაგნოზის” დასასმელად საკმარისი საფუძველი გააჩნდა.

1813 წლის კამპანია გაგრძელდა. განცდილი ორი მარცხის შემდეგ პრუსიისა და რუსეთის ჯარებმა სული მოითქვეს და დამხმარე ძალებიც შეემატათ. ასევე შეემატათ ავსტრიის არმია. ლონდონი ჩვეულებისამებრ ფულს არ იშურებდა ნაპოლეონის დასამარცხებლად. გარდა ამისა, ინგლისელთა სამხედრო გენიამ ჰერცოგმა ველინგტონმა ფრანგები ესპანეთიდან პრაქტიკულად გამოდევნა. ნაპოლეონი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა – ისევ და ისევ მას ვერ წარმოედგინა რომ მისი დამარცხება ვინმეს შეეძლო. მართლაც, 27 აგვისტოს დრეზდენთან მოკავშირეებს მან საშინელი მარცხი აწვნია. ბრძოლის დროს დაიღუპა გენერალი მორო, რომელიც მოკავშირეებმა ბერნადოტის რჩევით აიყვანეს შტაბში. მოროს დებიუტი ნაპოლეონის წინააღმდეგ საბედისწერო გამოდგა, მაგრამ მან თავისი ახალი მბრძანებლებისათვის ერთი ფასდაუდებელი რჩევის მიცემა მაინც მოასწრო – ომში მოგებისათვის საჭირო სულაც არ იყო უშუალოდ ნაპოლეონთან ბრძოლა, ამისათვის საკმარისი იქნებოდა იმ შენაერთებზე დარტყმა, რომელთაც ნაპოლეონის მარშლები მეთაურობდნენ (კუტუზოვის შემდეგ მორო ერთადერთი იყო ვინც ამას მიხვდა). ეს რჩევა ყურად იღეს და მოყოლებული იქიდან მოკავშირეთა საქმეები მნიშვნელოვმად გამოსწორდა. თუმცა, დაუმარცხებლად წასვლა არც თავად ფრანგთა იმპერატორს ეწერა. 16 ოქტომბერს ლაიპციგთან გაიმართა ნაპოლეონის ეპოქის ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა, რომელმაც ოთხი დღე გასტანა. ნაპოლეონის ჯარში ფრანგების გარდა ომობდნენ პოლონელები, იტალიელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები, საქსონელები და ასევე გერმანელები რაინის კავშირიდან. ამის მიუხედავად მოკავშირეებს (რუსებს, ავსტრიელებს, პრუსიელებს, შვედებს) თავიდანვე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც მაშველი ძალების მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ნაპოლეონი უკან დახევას მაინც არ აპირებდა, მაგრამ მესამე დღეს თავი იჩინა მისი არმიის ერთ-ერთმა მთავარმა სისუსტემ, ეთნიკურმა სიჭრელემ: მის მხარეზე მეომარი საქსონელები მოულოდნელად მტრის მხარეზე გადავიდნენ და ყოფილ თანამებრძოლებს გაუხსნეს ცეცხლი. ნაპოლეონი მიხვდა, რომ ამის შემდეგ მტრის შეკავებას ვეღარ შეძლებდა და  19 ოქტომბერს უკან დახევა დაიწყო და მოწინააღმდეგისათვის გზის გადასაკეტად მდინარეზე გადასასვლელი ხიდების აფეთქება ბრძანა. მაგრამ შეცდომით ხიდები ნაადრევად ააფეთქეს და ნაპოლეონის არმიის დიდი შენაერთი მტერთან პირისპირ დარჩა. შენაერთში იყვნენ ნაპოლეონის ყველაზე ერთგული უცხოელი მეომრები, პოლონელები. საფრანგეთის გამგებლად ქცევის შემდეგ ნაპოლეონმა პირველად იგემა სრულმასშტაბიანი მარცხი. იქამდე იყო ესლინგი, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ ფსიქოლოგიური წარუმატებლობა თუ იყო. ლაიპციგმა ყველაფერი შეცვალა – თუკი აქამდე ნაპოლეონს სჯეროდა რომ ბრძოლის ველზე მასთან გამკლავება შეუძლებელი იყო და ამიტომაც ადრე თუ გვიან იგი მოწინააღმდეგეებს თავის ნებას მაინც მოახვევდა თავს, ახლა ეს ილუზია გაიფანტა. და ბოლოს, ლაიპციგთან მისმა არმიამ უამრავი მეომარი დაკარგა და უზარმაზარ კოალიციასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულ ამოცანად იქცა. ამავე დროს მოკავშირეები ლაიპციგმა იმდენად გაათამამა, რომ უკვე პრუსიელთა მეფეც აღარ მართავდა მისთვის ჩვეულ ისტერიკებს. 

მოწინააღმდეგის არმია უკვე თავად საფრანგეთს საფრანგეთს უახლოვდებოდა. ნაპოლეონს ბევრი აგულიანებდა გამოაცხადებინა “სახალხო ომი,” როგორც ეს იყო 1790-იან წლებში როცა ფრანგული რევოლუცია ინტერვენტებს ებრძოდა, მაგრამ ისევ და ისევ იმპერატორს არ უყვარდა ბრბო და ეგზალტირებული მასები. ამასობაში მეტერნიხმა და იმპერატორმა ფრანცმა კიდევ ერთხელ აიღეს სამშვიდობო ინიციატივა და ნაპოლეონს ამჯერად 1801 წლის (მარენგოს ბრძოლის შემდგომი) სტატუს კვო შესთავაზეს. მაგრამ იმპერატორი პასუხს არ იძლეოდა. ჩანს მისთვის მაინც ძნელი იყო იმის აღიარება, რომ შეიძლებოდა ბრძოლა წაეგო. ლაიპციგს იგი ღალატს აბრალებდა და დარწმუნებული იყო, რომ ღალატი აღარ განმეორდებოდა და საბოლოოდ იგი მაინც გაიმარჯვებდა. სამშვიდობო მოლაპარაკებები ცოტა ხნით კიდევ გაგრძელდა, მაგრამ მათი წარმატების უკვე აღარავის სჯეროდა. 1814 წლის იანვრის ბოლოს იმპერატორი თავისი არმიის ბოლო ნარჩენებით მტრისკენ დაიძრა და დაიწყო მისი ალბათ ყველაზე ბრწინვალე სამხედრო კამპანია. ნაპოლეონი მცირერიცხოვანი ძალებით გასაოცარი სისწრაფით მოძრაობდა, მოულოდნელად ესხმოდა მტრის შენაერთებს და ანადგურებდა. მოკავშირეები გაოგნებულნი იყვნენ – ასეთ წინააღმდეგობას ისინი უკვე ნამდვილად აღარ ელოდნენ. მაგრამ ამავე დროს ამ წინააღმდეგობამ მათში კიდევ უფრო გაამყარა რწმენა, რომ ნაპოლეონი ბოლოსდაბოლოს უნდა დაემარცხებინათ. თუკი იგი ასე შევიწროებული და დასუსტებული ამდენს ახერხებდა, რაღაც იზამდა თუკი მას ამოსუნთქვისა და ძალების მოკრების საშუალებას მისცემდნენ? გარდა ამისა, მოკავშირეები მოროს რჩევას მისდევდნენ და ნაპოლეონის მარშლებსა და გენერლებს ებრძოდნენ, რომლებიც თავიანთი მბრძანებლისგან განსხვავებით საბოლოოდ დაეცნენ სულით და წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდათ. ამასთან ერთად პარიზიდან  ტალეირანმა მოკავშირეებთან ფარული კონტაქტი დაამყარა და მათ ურჩევდა საერთოდ დაევიწყებინათ ნაპოლეონი და პირდაპირ დედაქალაქზე წასულიყვნენ. ზუსტად მაშინ, როცა ნაპოლეონი მოკავშირეთათვის ზურგში დასარტყმელად გაემართა, ეს უკანასკნელნი პარიზზე წავიდნენ. ცხადია, დედაქალაქს გარნიზონი იცავდა, მაგრამ ამ უკანასკნელის მეთაური პირველივე შეტაკების მერე ტალეირანის ზეწოლას დაჰყვა და კოალიციის ჯარებს დანებდა. 1814 წლის 30 მარტს პარიზი დაეცა. ნაპოლეონმა მოკავშირეთა მოულოდნელი მანევრის შესახებ ცნობის მიღებისთანავე პარიზისკენ მოაბრუნა ჯარი, მაგრამ გვიანი იყო. ნაპოლეონი არ ნებდებოდა და პარიზზე წასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ აქ იგი უკვე სრულიად მარტოდ დარჩა. მისი მარშლებისა და გენერლებისათვის, რომლებიც უკვე ისედაც გადაღლილები იყვნენ ომით, დედალაქზე წასვლა უკვე მეტისმეტი იყო. აქ უკვე მათ საკუთარ თავს უფლება მისცეს ნაპოლეონს შეწინააღმდეგებოდნენ. პარიზში ტრიუმფით შესულმა მოკავშირეებმა კი განაცხადეს, რომ ისინი პატივს სცემდნენ ფრანგი ხალხის ნებასა და არჩევანს, მაგრამ... სანამ ნაპოლეონი არ წავიდოდა ევროპას მშვიდობა არ ეწერა. მოკავშირეებში ყველაზე მეტი სიტყვა ალექსანდრეს ეთქმოდა. პარიზში მან ტალეირანს დასდო პატივი და მის სასახლეში დასახლდა. გაქნილი დიპლომატიც საქმეს შეუდგა და რუსთა იმპერატორი დაარწმუნა, რომ საფრანგეთი გარედან თავს მოხვეულ რეჟიმს ვერ აიტანდა და ამიტომაც ტახტზე ისევ ბურბონები უნდა დაებრუნებინათ.

ნაპოლეონს მხოლოდ ისღა დარჩენოდა თავისი შვილის, პატარა ნაპოლეონის სასარგებლოდ გადამდგარიყო. ალექსანდრე საფრანგეთში ბონაპარტების დინასტიის დარჩენის იდეას არც ისე მტრულად უყურებდა, მაგრამ ტალეირანმა იგი დაარწმუნა, რომ პატარა ნაპოლეონის რეგენტად გამოცხადება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა – დე ფაქტო დიდი ნაპოლეონის საფრანგეთის გამგებლად დატოვებას. გარდა ამისა, ტალეირანმა ბონაპარტების დინასტიის აღსასრულსა და ბურბონების რესტავრაციას ლეგიტიმაციაც მისცა – მისი ინიციატივით 1814 წლის პირველ აპრილს სენატმა ნაპოლეონი დამხობილად გამოაცხადა და მეფედ ბურბონთა წარმომადგენელი მოიწვია. ნაპოლეონს შეუთვალეს, რომ მას ტიტულს შეუნარჩუნებდნენ და კუნძულ ელბას აჩუქებდნენ.

6 აპრილს ნაპოლეონი გადადგა როგორც თავისი, ასევე თავისი მემკვიდრეების სახელით. 11 აპრილს მან საწამლავი დალია, რომელსაც რუსეთიდან უკანდახევის შემდეგ მუდამ თან ატარებდა. საწამლავი იმ დროისათვის დაძველებულიყო და ნაპოლეონი საშინელი ტკივილის გადატანის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 20 აპრილს იგი თავის ძველ გვარდიას დაემშვიდობა და კუნძულ ელბაზე გაემგზავრა. ნაპოლეონის ეპოქა პრაქტიკულად დასრულებული იყო.

 

კვლევები, პუბლიკაციები